ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი - ETSI

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ასოცირებული წევრი გახდა 2001 წლის 20-21 ნოემბერს, ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეაზე, ადმინისტრაციის სტატუსით.

2007 წელს კომისია გახდა ინსტიტუტის სრულუფლებიანი წევრი.

2009 წელს, ინსტიტუტის შემოთავაზებითა და კომისიის თანხმობით, კომისია, ასევე, გახდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ნაციონალური სტანდარტების ორგანო (National Standards Organization – NSO) საქართველოში.

კომისია აქტიურად თანამშროლობს ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტთან. იგი რეგულარულად - ესწრება ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეებს, ნაციონალური სტანდარტების ორგანოების სამუშაო შეხვედრებს, სემინარებსა და ინსტიტუტის სხვა ღონისძიებებს. ახალი ევროპული სტანდარტებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, კომისიამ ორგანიზება გაუწია ინსტიტუტის სემინარების ჩატარებას საქართველოში როგორც თავად კომისიის, ასევე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ოპერატორებისათვის.

2009 წელს ინსტიტუტსა კომისიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომისია მონაწილეობს ინსტიტუტის მიერ შემუშავებული/განახლებული ევროპული სტანდარტების პროექტების ონლაინ განხილვასა და მიღებაში. კომისია, ასევე, ხელს უწყობს ინსტიტუტის მიერ აღიარებული ევროპული სტანდარტების საქართველოს ნაციონალურ სტანდარტებად რეგისტრაციას.

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი (European Telecommunications Standards Institute – ETSI) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანო. შეიქმნა 1988 წელს, CEPT-ის (European Conference of Postal and Telecommunications Administrations - ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენცია – იხ. ქვემოთ)  მიერ და ოფიციალურად არის აღიარებული ევროკომისიისა და EFTA-ს (European Free Trade Association – ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) სამდივნოს მიერ, როგორც ევროპული სტანდარტიზაციის ორგანო, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, ფიქსირებული, მობილური, რადიო, სამაუწყებლო და საინტერნეტო ტექნოლოგიების ჩათვლით. ETSI არა მხოლოდ შეიმუშავებს საკუთარ სტანდარტებს, იგი ამავდროულად არეგისტრირებს ევროპულ და ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს (EN, hEN). ანუ ევროპული სტანდარტი/ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტი ცნობილია ETSI-ის მიერ აღიარებულ სტანდარტად. ETSI-ის სტანდარტები ხელს უწყობს ევროპული ბაზრის რეგულირებას; ისინი გამოიყენება ევროპის ფარგლებს გარეთაც. ამგვარად, აღნიშნული ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო ევროპული, არამედ - საყოველთაო სტანდარტიზაციის საქმეშიც.

ETSI-ი ამჟამად აერთიანებს 700–ზე მეტ წევრ ორგანიზაციას მსოფლიოს 5–ვე კონტინენტის 62 ქვეყნიდან, მწარმოებლების, ქსელის ოპერატორების, ადმინისტრაციების, მომსახურების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ჩათვლით;

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები