დეკემბერი 17, 2020 10:50

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებული არიან წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილი საეთერო დროის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების  კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი  და გაწეული მომსახურება.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა ხორციელდება კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად. უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა განხორციელდა სარეკლამო ჭრებისათვის იმ ღირებულების მინიჭებით, რომელიც თავად მაუწყებლებს ჰქონდათ დადგენილი შესაბამის სამაუწყებლო გადაცემებში.

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზმა აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო არხებზე განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის დაახლოებითი ღირებულება 62.5 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ, მაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად 13.9 მილიონი ლარი შეადგინა. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაუწყებლებმა თითქმის 30 000 წუთი უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, ფასიანი რეკლამა კი 9 620 წუთი, რაც უფასოზე სამჯერ ნაკლებია.   

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ჯამში 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 34 არხზე განათავსა, ხოლო უფასო 42-მა საარჩევნო სუბიექტმა.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამებიდან  ყველაზე დიდი შემოსავალი  4 270 075  ლარი „მთავარმა არხმა“  მიიღო. არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 5 583 ლარი შეადგინა. „მთავარ არხზე“ ფასიანი პოლიტიკური დროის 66.2% „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 62.9%-ს შეადგენდა.

მეორე ადგილზეა „ტელეიმედი“, რომლის შემოსავალმაც 3 327 974 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფმა წუთში საშუალოდ 3 902 ლარი შეადგინა. „ტელეიმედზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 71.6% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 67.5%-ს შეადგენდა.

„რუსთავი 2“-ის შემოსავალმა 2 065 163  ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3 672  ლარი იყო. „რუსთავი 2“-ზე ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დრო - 67.4% „ქართულ ოცნებას“ დაეთმო, რაც არხის შემოსავლების 60.9%-ს შეადგენდა.

„ტვ პირველის“ შემოსავალმა 1 865 753 ლარი შეადგინა, ხოლო არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ტარიფი წუთში საშუალოდ 3 978 ლარი იყო. „ტვ პირველზე“ ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური დრო - 37.1% „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაეთმო, თუმცა, არხის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი „ლელო საქართველოს“ ეკუთვნის - 27.6%.

წინასაარჩევნოდ მაუწყებლებმა დაახლოებით 62.5 მილიონი ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში  მაუწყებლებზე თითქმის 30 000 წუთი დაეთმო. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს რომ თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად მიეღოთ მათი შემოსავალი ჯამში დაახლოებით 62.5 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. უფასო პოლიტიკური რეკლამის გადანაწილება არხების მიხედვით:

საზოგადოებრივი მაუწყებელი
პირველმა არხმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 15% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება  საშუალოდ 1 350 ლარი იყო. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დაახლოებით 6.1 მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია
„აჭარა ტვ“-მ უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.7% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1 235 ლარი იყო. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიაზე დაახლოებით 3.2  მილიონი ლარის რეკლამა განთავსდა უფასოდ.

მთავარი არხი
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.1% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 5 583 ლარი იყო, მათ დაახლოებით 13.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

ტვ პირველი
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3 978 ლარი იყო, მათ დაახლოებით 10.2 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

ტელეიმედი
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.3% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 3 902 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.7 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

რუსთავი 2
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ  3 672 ლარი იყო, მათ დაახლოებით 9.5 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

ფორმულა
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 1 787 ლარი იყო, მათ დაახლოებით 4.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

სტუდია მაესტრო
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 8.4% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება  საშუალოდ 914 ლარი იყო, მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

პოს ტვ
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 9.2% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 593 ლარი იყო, მათ დაახლოებით 1.6 მილიონი ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

პალიტრა TV
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 5.9% დაუთმო,  ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ  395 ლარი იყო, მათ დაახლოებით 700 000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

ევრონიუს ჯორჯია
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 1.2% დაუთმო, ხოლო მათ მიერ გამოქვეყნებული ტარიფების მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება  საშუალოდ 888 ლარი იყო, მათ დაახლოებით 310 000 ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

ობიექტივი
მაუწყებელმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას საერთო დროის 4.6% დაუთმო, ხოლო არხზე წუთი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ღირებულება საშუალოდ 60 ლარი იყო, მათ დაახლოებით 82 000  ლარის რეკლამა განათავსეს უფასოდ.

სხვა არხებმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში ერთად სრული დროის 4.8% დაუთმეს, მათი ღირებულება კი დაახლოებით 615 000 ლარის ტოლია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები