ივნისი 05, 2024 16:15

2023 წელს ComCom-ის მედიალაბში 20-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა და 450-მდე სტარტაპერი გადამზადდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ციფრული წიგნიერების განვითარებისა და ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად მუშაობდა მედიააკადემიის მედიალაბი, სადაც 2023 წელს სტარტაპერებისთვის 20-ზე მეტი სემინარი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, 450-მდე დაინტერესებული პირი გადამზადდა.

გასულ წელს, მედიალაბის ორგანიზებით, ორჯერ ჩატარდა კონკურსი “იდეადრომი”, რომელიც მიზნად სტარტაპ იდეების აღმოჩენას, პოტენციური სტარტაპერებისთვის დაფინანსების მოზიდვასა და პროდუქტის ბაზარზე გატანის ხელშეწყობას ისახავს. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა გაიარეს ერთკვირიანი ინტენსიური გადამზადება და სტარტაპების დახვეწაზე, პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავეს. “იდეადრომის” საპრიზო ფონდი 10000 ლარს შეადგენდა. პროექტის ზოგიერთმა მონაწილემ უკვე შეძლო და საკუთარი პროდუქტი გლობალურ ბაზარზე გაიტანა. მაგალითისთვის, „იდეადრომელი“ სტარტაპი „Wempler” უკვე აქტიურად მუშაობს და მისი შემოსავალი ყოველთვიურად 60%-ით იზრდება. 2023-ში სტარტაპმა დამატებით 400 000 დოლარამდე ინვესტიციის მოპოვებაც შეძლო.

2023 წელი წარმატებული იყო გასული წლების „იდეადრომის“ მონაწილეებისთვის, რომლებიც მედიალაბის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთნენ. პროგრამის მიზანია დაეხმაროს სტარტაპებს დახვეწაში, დაფინანსების მოზიდვასა და გლობალურ ბაზარზე გასვლაში. გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში სტარტაპერებს მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ უფასო კონსულტაციები სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, მათ ასევე შეეძლოთ უსასყიდლოდ ესარგებლათ „მედიალაბის“ სივრცით, რომელიც შესაბამისი ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული აღჭურვილობით, სრულად აკმაყოფილებს მათ ყველა მოთხოვნას. აქსელერაციის პროგრამაში ჩართულმა სტარტაპმა - „Stori”-იმ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა და მომხმარებელს მარკეტინგული კონტენტის ავტომატიზაციაში ეხმარება, გასულ წელს 500 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და Product Hunt-ის პლატფორმაზე „Golden Kitty Awards“-ი და ასევე, “Product of the Month”-ის სტატუსიც მოიპოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მედიალაბმა ახალგაზრდებისთვის პირველად ჩაატარა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ისახავდა. ოთხდღიან ჰაკათონში მონაწილეობას 10 გუნდი იღებდა, რომლებმაც პროფესიონალი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხების შესახებ ბიზნესპროექტები შეიმუშავეს. ღონისძიების ფარგლებში, შეიქმნა საინტერესო პროექტები, მათ შორის: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ამოიცნოს ყალბი ინფორმაცია; პლატფორმა ინტერნეტის გამოყენებისას პირადი ინფორმაციის დასაცავად; ასევე, საგანმანათლებლო ვიდეო თამაში, რომელიც სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებასა და უსაფრთხოების თემებზე პრაქტიკული ცოდნის მიღებაში ეხმარება. გამარჯვებულ გუნდებს კომუნიკაციების კომისიამ 5,000, 2,000 და 1,000 ლარის ოდენობის ჯილდო გადასცა.

ცნობიერების ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების მიზნით, მედიალაბი ონლაინ პლატფორმებზე საინფორმაციო მასალებს ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მუდმივად ავრცელებს. 2023 წელს ვიდეო გაკვეთილების გარდა, მედიალაბის პროექტებს შეემატა პოდკასტების სერიაც, რომლის ფარგლებშიც, სტარტაპერები და სფეროს პროფესიონალები მაყურებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები