ივნისი 03, 2024 17:22

2023 წელს ერთ აბონენტზე მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება 18%-ით გაიზარდა და 14 გბ შეადგინა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს მობილური მომსახურებების აბონენტების მიერ დაგენერირებული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა, წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და 551 პეტაბაიტი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომის“ აბონენტებმა მთლიანი ტრაფიკის 48%, „სილქნეტის“ აბონენტებმა - 33%, ხოლო „სელფი მობაილის“ აბონენტებმა - 19% დააგენერირეს. ეს მოცემულობა კი განპირობებულია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობისა და ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით.

საგულისხმოა ისიც, რომ ერთი აბონენტის მიერ თვეში მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება 2022 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი და 2023 წლისთვის 14 გბ-ს შეადგენს. ოპერატორების მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის კვლავ ყველაზე მაღალია. კერძოდ, „მაგთიკომის“ აბონენტის მიერ თვის განმავლობაში მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება 19 გბ-ს, „სილქნეტის“ აბონენტისთვის - 13 გბ-ს, ხოლო „სელფი მობაილის“ აბონენტისთვის - 9 გბ-ს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიის მოხმარებით დაგენერირებული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობაც. შესაბამისად, 2023 წლისთვის, მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 96% უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.

გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელს ComCom-ის მიერ ჩატარებული 5G აუქციონის ფარგლებში, „სელფი მობაილმა“ 5G ტექნოლოგია დანერგა, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკში უკვე 5G-იც გარკვეულ წილს დაიკავებს, ვინაიდან მისი პოტენციალი მსოფლიოს მრავალ ბაზარზე უკვე ნათლად იჩენს თავს და მომხმარებლებს უპირატეს შესაძლებლობებს სთავაზობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები