ივნისი 04, 2024 13:22

2023 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი - 561 ათასი ფიზიკური პირი აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი კი 25 მბ/წმ-იანს

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მოთხოვნად პაკეტს კვლავ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი წარმოადგენს, ხოლო მაღალსიჩქარიანი - 100 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა სულ 10 ათასია, რაც საქართველოში არსებული ფიზიკური პირი აბონენტების მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი სიჩქარის პაკეტით ევროპაში ოჯახების ნახევარზე მეტი - 55% სარგებლობს. აღნიშნული მონაცემები კი ეხმიანება „ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება, მაღალი ფასებიდან გამომდინარე - ქართველი აბონენტებისთვის  შეზღუდულია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისში ფიზიკურ პირ აბონენტებში, ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების ყველაზე მოთხოვნად პაკეტს, წინა წლის მსგავსად წარმოადგენს 30 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი, რომლის აბონენტების რაოდენობაც 2023 წლისთვის 14 ათასით გაიზარდა და 268 ათასი შეადგინა. მეორე ყველაზე მოთხოვნადი  პაკეტი კვლავ 25 მბ/წმ-იანი პაკეტია, თუმცა, აბონენტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 2023-ში 2 ათასით შემცირდა და 109 ათასს გაუტოლდა. რაც შეეხება 20 მბ/წმ სიჩქარის პაკეტს, 2023-ში მას 11 ათასი აბონენტით ნაკლები - 5 ათასი აბონენტი ჰყავდა. 7 ათასით გაიზარდა 35 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 31 ათასი შეადგინა, ხოლო 50 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა 4 ათასით გაიზარდა და 25 ათასი გახდა. რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, მას 2023 წელს თბილისში 8 ათასი აბონენტი მოიხმარდა, რაც წინა წელთან შედარებით ათასი აბონენტით მეტია.

რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის მსგავსად, 30 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ პაკეტი კვლავ ყველაზე პოპულარულია და ამ არეალებში მას 292 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით, 6 ათასი აბონენტით მეტია. 2 ათასით არის გაზრდილი 25 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წლის მონაცემებით 136 ათასს უტოლდება. ასევე 2 ათასით გაიზარდა 20 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა და სულ 27 ათასი შეადგინა. 35 მბ/წმ-იანი პაკეტის შემთხვევაში, აბონენტების რაოდენობამ 2023 წლისთვის 13 ათასით მოიმატა და 19 ათასი გახდა. ათასი აბონენტით გაიზარდა 50 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 7 ათასი შეადგინა. რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, რეგიონებში მას მხოლოდ 2 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით 2 ათასი აბონენტით ნაკლებია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები