2024-ში მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 150 მილიონი იყო, საიდანაც 137.8 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 30 ათასით გაიზარდა და 776 ათასი შეადგინა. უცვლელი დარჩა აბონენტთა სიმკვრივე - მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე კვლავ 67.1% შეადგინა. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიურმა საშუალო ზრდამ 1.4% შეადგინა.
2024 წლის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ IPTV ტექნოლოგია იყო. მისი აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30 ათასით გაიზარდა და 675 ათასი შეადგინა. 2.8 ათასით გაიზარდა DVBT ტექნოლოგიის მომხმარებელთა რაოდენობაც და 2024-ში, 47.1 ათასს გაუტოლდა. ასევე გაიზარდა ინტერნეტ ტელევიზიის წილიც და 2024 წელს - 13.5 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 ათასით მეტი იყო. 1.2 ათასით შემცირდა კოაქსილური ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა და 14.9 ათასს გაუტოლდა. რაც შეეხება რადიოსიხშირულს - აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფიქსირდა კლება - 2024 წელს აბონენტების რაოდენობა 23.1 ათასს გაუტოლდა, რაც 2023 წლის მონაცემთან შედარებით, 2.7 ათასით ნაკლებია.
რაც შეეხება შემოსავლებს, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 150 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023-ის მაჩვენებელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით მეტია. მთლიანი შემოსავლების ძირითადი წილი კვლავ IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელთან შედარებით 6.6 მილიონი ლარით მოიმატა და 137.8 მილიონი ლარი შეადგინა. 3.9 მილიონი ლარი მიიღო რადიოსიხშირულმა ტექნოლოგიამ, რაც, წინა წელთან შედარებით 0.7 მილიონით ნაკლებია. 0.3 მილიონი ლარით გაიზარდა კოაქსიალური ტექნოლოგიის შემოსავალი და 2024-ში 3 მილიონს გაუტოლდა. 5.7 მილიონი ლარი შეადგინა DVBT-დან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც წინა წელთან შედარებით, 0.6 მილიონი ლარით მეტია. ხოლო ინტერნეტ ტელევიზიის შემთხვევაში, 2024 წელს მიღებული შემოსავლები 0.38 მილიონს შეადგენდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 0.17 მილიონი ლარით ნაკლებია.