სექტემბერი 14, 2021 16:13

აუდიტის დასკვნა: სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TMI-ის საქმიანობა ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს აკმაყოფილებს

„სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“, რომელიც საქართველოში „კანტარ მედიის“ ოფიციალური წარმომადგენელია, კარგად ორგანიზებული კვალიფიციური ორგანიზაციაა, რომელიც ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს აკმაყოფილებს“ – საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „3M3A“ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანიის საქმიანობა  ყველა კომპონენტში დადებითად შეაფასა. აუდიტმა გამოავლინა, რომ რიგი პარამეტრები, რომლითაც TMI საქმიანობს იმაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, ვიდრე სტანდარტი მოითხოვს და შესაბამისად, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით, კიდევ უფრო წინ არის.

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საერთაშორისო აუდიტის შედეგები, დღეს კვლევის ავტორებმა რეიტინგების მთვლელი კომპანიების, სარეკლამო კომპანიების, მედიისა და მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. 

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია დასკვნაში წერს, რომ კომპანია TMI-ის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია,  დასკვნაში ასევე ხაზგასმულია TMI-ის მენეჯმენტისა და პერსონალის კვალიფიციურობა და მათი გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი.

აუდიტის ფარგლებში მოხდა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შესწავლა, მათ შორის TMI-ს საბაზისო კვლევის განხორციელება, წარმომადგენლობითობა და მეთოდოლოგია, პანელის მწარმოებლურობა, მონაცემთა მოცულობა, დიზაინი, ეფექტიანობა და განახლება, ასევე პანელის წევრი შინამეურნეობების რეკრუტირება და როტაცია, საბაზისო კვლევის ხარისხის კონტროლი, წონები და კითხვარი, პანელში მონაწილეობის ინსტრუქციების შესრულება და დამთხვევითობის კვლევები. აუდიტორებმა ასევე შეისწავლეს: სატელევიზიო არხების რეფერენსირება, მონაცემთა გენერირების წესები და მონაცემთა ვალიდაციისა და უარყოფის მიდგომები, მონაცემთა გენერირება და ვერიფიკაცია, მონაცემთა ტექნიკური უსაფრთხოებისა და რეზერვირების სისტემები - აღნიშნული კომპონენტების მიხედვით აუდიტის დასკვნით, TMI-ის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში გამართული სისტემა უპრობლემოდ იმუშავებდა როგორც „კანტარ მედიას“ გავრცელების ყველა, ასევე ნებისმიერი სხვა სისტემის მქონე ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ ქართულ სარეკლამო ბაზარზე, ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაეჭირა საერთაშორისო აუდიტის ჩატარებისთვის. კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში მოქმედ ორივე  სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი, თუმცა შეთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ განაცხადა, „თი ვი ემ არ საქართველომ“ კი შეთავაზება არ მიიღო. „თი ვი ემ არ საქართველოში“ აუდიტის ჩატარებაზე წინააღმდეგობა დამკვეთმა მაუწყებლებმა „ტელეკომპანია პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ დააფიქსირეს. 

აუდიტორული დასკვნა სრულად იხილეთ აქ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები