თებერვალი 08, 2021 15:00

ComCom ანალიტიკით 5 თვეში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ 1500-მდე ანგარიში გაიგზავნა

კომუნიკაციების კომისია უკვე 5 თვეა სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებით დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ და კომფორტულ სერვისს - ComCom ანალიტიკას სთავაზობს. კომისიის ანალიტიკურ პორტალზე უკვე 3000-ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული, ComCom ანალიტიკით კი 5 თვეში 1500-ამდე ანგარიშია მომხმარებლებთან გაგზავნილი.

ანგარიშებში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეგზავნებათ,  მაუწყებლობისა და ტელეკომ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც აძლევთ შესაძლებლობას სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ მუდმივად განახლებულ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ. ComCom ანალიტიკაზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით რამდენიმე წუთში შეუძლია, რის შემდეგაც მომხმარებლები მითითებულ მეილზე უფასოდ მიიღებენ მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას.

ComCom ანალიტიკაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში ხდება, მაგალითად ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ინტერნეტის ოდენობა, მობილური კომუნიკაციების მოხმარების ტენდენციები, სფეროში მოქმედი კომპანიების შემოსავლები, ერთი ადამიანის მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებში დახარჯული საშუალო დრო/თანხა და სხვა. ასევე, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სამაუწყებლო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს: ერთი მაყურებლის მიერ სხვადასხვა ჟანრის გადაცემებისთვის დათმობილ დროს, გადახვევის ან/და პირდაპირი რეჟიმისთვის დათმობილ დროს, ინფორმაციას მაუწყებელთა დაფინანსების წყაროების შესახებ და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ComCom ანალიტიკის ყველა გამომწერს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ანგარიშის გამოწერის პერიოდულობა, მიუთითოს თუ რომელი სფეროს შესახებ სურს ინფორმაციის მიღება - ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე, მობილურ მომსახურებასა თუ მაუწყებლობაზე. კომუნიკაციების კომისია აგრძელებს ინოვაციური სერვისების დანერგვას და განვითარებას, რათა ეფექტურად უპასუხოს სფეროში არსებულ გამოწვევებს და საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს სატელეკომუნიკაციო სფეროს ტენდენციებზე ინფორმაცია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები