დეკემბერი 30, 2020 14:31

ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისია 2020 წლის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის შემაჯამებელ ComCom დაიჯესტს აქვეყნებს, სადაც გასული წლის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პროექტები, დანერგილი ინოვაციური სერვისები და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განვითარებული მოვლენებია შეჯამებული. 2020 წელმა პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა სატელეკომუნიკაციო ბაზრის ეფექტური და გამართული მუშაობის მნიშვნელობა, რაშიც სფეროს რეგულატორს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

2020 წლის წარმატებული მუშაობის შედეგები ქვეყნის გარეთ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა აღიარებული.

2020 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა - ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „Freedom Barometer“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსმა 2.1 ქულით მოიმატა. საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ პლურალისტური, მრავალფეროვანი და თავისუფალი მედიაგარემოა საქართველოში.

ევრაზიის ლიდერი ინტერნეტ-თავისუფლებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაში - ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აძლევს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანა 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა იტალია, აშშ და ავსტრალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი.

სიტყვისა და ინტერნეტის თავისუფლების გარდა, 2020 წელი უმნიშვნელოვანესი იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. კომუნიკაციების კომისიამ ამ მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღო.

„მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „ბილაინი“ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ - მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება არის გარანტი იმისა, რომ მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

2020 წელს მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ვირტუალური ოპერატორები დაიწყებენ ოპერირებას. MVNO-ების შემოსვლა ბაზარზე გაზრდის კონკურენციას, რაც მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს და ინოვაციურ სერვისებს მოუტანს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მობილური მომსახურების ფასებზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე MVNO-ების შემოსვლით საქართველო იმ წარმატებულ 50-მდე ქვეყანას შეუერთდება, სადაც მსგავსი პრაქტიკა წლებია დანერგილია.

2020 წელს კომისიამ აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ ახალი წლიდან ქვეყანაში ახალი თაობის ინოვაციური ინტერნეტ ტექნოლოგია დაინერგოს. 5G ინტერნეტი - შესაძლებლობაა ქვეყნის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა. მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება.

ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის Log-in Georgia-ს ფარგლებში, მოსახლეობისთვის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს უზრუნველყოფს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის შედეგად, საქართველოს 1000 სოფელს და 500,000 მოქალაქეს, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, მაღალი ხარისხის ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა ექნებათ.

ხარისხიან ინტერნეტთან წვდომა ციფრულ ეპოქაში კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანი რომ არის ეს 2020 წელს ყველაზე კარგად გამოჩნდა. Sheamotsme.ge - კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი ვებპლატფორმა გაძლევთ საშუალებას 24 საათიან რეჟიმში შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ მოგვარებაში თავად კომისია დაგეხმარებათ.

თანამედროვე გამოწვევების პარალელურად, 2020 წელს კიდევ უფრო მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობა და პესპექტივები. საქართველოს გარანტირებული უპირატესობა აქვს, რომელიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს უკვე არსებული განვითარებული სატელეკომუნიკაციო მაგისტრალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და კომერციული კონტრაქტები, რათა აქტიურად განავითაროს ციფრული დერეფანი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს პერსპექტივა, როგორც ციფრული ჰაბისა და დატა ცენტრის, შავი ზღვის კაბელზე გადის, რომელსაც 2020 წელს კომპანია „კავკასუს ონლაინის“ უკანონო გასხვისებით საფრთხე დაემუქრა. კერძოდ, ქვეყნის ბუნებრივი უპირატესობა იყოს სრულუფლებიანი და პასუხისმგებლიანი მოთამაშე და არა უუფლებო დამკვირვებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

თითქმის ერთწლიანი პროცესის მიუხედავად კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ კანონი და კომისიის გადაწყვეტილებები არ შეასრულა. ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა იმ დრომდე, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.

კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ComCom ანალიტიკაა. ესაა კომისიის ინოვაციური სერვისი ტელეკომ სფეროს მომხმარებლებისთვის, რომლის მეშვეობითაც მარტივი ავტორიზაციით შეგიძლიათ გამოიწეროთ და მეილზე მიიღოთ სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ საინტერესო ინფორმაცია.

ციფრული ეპოქის გამოწვევებთან გასამკლავებლად კომისიის 2020 წლის დადგენილებით ბავშვები და მოზარდები ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან იქნებიან დაცული. ბავშვების დაცვა ინტერნეტ საფრთხეებისგან  - მშობლებს მივეცით კომფორტული მექანიზმი, რომლითაც თავისი შვილების  ვირტუალურ სამყაროს გააკონტროლებენ და დაიცავენ მათ ფსიქიკას მავნე ზეგავლენისგან.

2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების განვითარება ახალ საფეხურზე გადაიყვანა და მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელება, სკოლების შემდეგ უნივერსიტეტებში დაიწყო. კომისიის პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

წარმატებული და ინოვაციური იყო 2020 წელს მედიაკადემიის საქმიანობა. ისწავლე საუკეთესოსგან - კომისიის მედიააკადემიის ინიციატივით, მედია სკოლამ დაიწყო ექსკლუზიური პროექტი ქართულ მედიასივრცეში ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ონლაინ მასტერკლასები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ამბის თხრობა, ინტერვიუს ჩაწერა, კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტო ამბის მომზადება, გადასაღებ მოედანსა და სტუდიაში მუშაობა და სხვა. ყველა დაინტერესებულ პირს ონლაინ მასტერკლასის მოსმენა უფასოდ შეუძლია.

საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი - კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თვისებრივი და რაოდენობრივი მედიამონიტორინგი ჩაატარა და სამი ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით იმ მონიტორებმა ჩაატარეს, რომლებიც ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მეორედ აირჩიეს - 3 თებერვლის არჩევნებით კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახა ბექაური თავმჯდომარედ მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. ბოლო წლებში კომისიის წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა.

2020 წელი, მიუხედავად არსებული გლობალური თუ ლოკალური გამოწვევებისა, კომუნიკაციების კომისიისთვის საკმაოდ პროდუქტიული იყო. წარმატებული პროექტები და მიღწევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან წელს კომისია 20 წლის გახდა. ჩვენ ვაგრძელებთ სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე ზრუნვას.

კომუნიკაციების კომისია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და სრულყოფილ კომუნიკაციას!

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები