ComCom-ი არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით მასწავლებლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლებიც ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკისა და მარნეულის არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საგნის ინტეგრირებას შეუწყობენ ხელს. შეხვედრა მედიაწიგნიერების სწავლების დამხმარე რესურსებისა და პრაქტიკული მეთოდების გაზიარებას ემსახურებოდა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის პროექტის ხელმძღვანელმა, თამარ გრიგოლიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ბერიკაშვილმა გახსნეს და არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრის მომდევნო ეტაპზე, ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მარიამ გუგულაშვილმა და ნინო მაჭავარიანმა, მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ მედიაწიგნიერების განვითარებას ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში. კერძოდ, განხილული იყო კომუნიკაციების კომისიის მიერ თარგმნილი და გამოცემული სასწავლო რესურსები, მედიაწიგნიერების ეროვნული პლატფორმა, კონკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა.
გარდა ამისა, მონაწილეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, მანანა ჯინჭარაძე შეხვდა, რომელმაც მედიაწიგნიერებაზე, როგორც გამჭოლ კომპეტენციაზე იმსჯელა. ამასთან ერთად კი, ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებული ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ირინა ჭაფოძემ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მედიაწიგნიერების კლუბისა და სხვა საინტერესო აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა საგნის ფარგლებში დაინერგოს და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო თბილისის 114-ე საჯარო სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, მაგდა თავხელიძემ, რომელიც დაწყებით კლასებში კომპიუტერულ მეცნიერებებს ComCom-ის მიერ თარგმნილი და გამოცემული „გამარჯობა, რუბის“ წიგნით ასწავლის, ხოლო უფროსკლასელებს ცნობიერების ამაღლებაში მედიაწიგნიერების კლუბის ფარგლებში ეხმარება. მან მონაწილეებს მედიაწიგნიერების არაფორმალურად სწავლების მეთოდების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლიდან, მედიაწიგნიერების არჩევითი საგანი უკვე 227 სკოლაში ისწავლება, რაც კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით, 2022 წელს დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგია. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირება და აღნიშნულ პროცესში ინკლუზიურობის ზრდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.