წვდომის მენიუ

ივნისი 03, 2025 15:10

ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ სენაკში 400 ბენეფიციარი ჰყავს

გრძელდება კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ სენაკში, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის უკვე 30 სემინარია ჩატარებული, ხოლო გადამზადებულთა რაოდენობა 400-ია. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

სენაკში პროგრამის სამიზნე სოფლებს ბეთლემი,  ისულა, ლებაღათურე,  ლეძაძამე,  ლეგოგიე-ნასაჯუ, მოხაში, ფოცხო, საოდიშარიო,  სატყებუჩავო, შრომისკარი, შუა ხორში, ციზეთი, უშაფათი და  ზანა წარმოადგენს. სენაკის მუნიციპალიტეტიდან დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 557 70 72 74.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 8100 ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები