აგვისტო 15, 2023 13:18

ComCom-ის მედიააკადემიამ პროდიუსერი ნოე სულაბერიძის მასტერკლასი დაიწყო

ComCom-ის მედიააკადემიის “მასტერკლასს” კიდევ ერთი ონლაინ ლექციების სერია დაემატა, რომლის ავტორიც პროდიუსერი და ტელეწამყვანი, ნოე სულაბერიძეა. მასტერკლასი 4 ვიდეო ლექციისგან შედგება და პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ნოე სულაბერიძე საავტორო ლექციებში საუბრობს პროდიუსერობის 14 წლიან გამოცდილებაზე და საკუთარ მაგალითებზე დაყრდნობით, მსმენელს უზიარებს გუნდის დაკომპლექტების პრინციპებს, განიხილავს შოუების შექმნის ეტაპებს, იძლევა რჩევებს თუ რა თვისებები სჭირდებათ კარგ პროდიუსერებს. ასევე, მიმოიხილავს როგორ ხდება პროექტებისა თუ წამყვანების შერჩევა.

მედიააკადემიის “მასტერკლასი”, ნოე სულაბერიძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 11 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს მეორე წელია, “მასტერკლასით” აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადებას სჭირდება. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორ მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები