წვდომის მენიუ

მარტი 17, 2025 10:38

ComCom-ის მედიააკადემიაში კამერასთან მუშაობის შესახებ ია სუხიტაშვილის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „კამერასთან მუშაობის ტექნიკა და გამომსახველობითი ხელოვნება“ ჩატარდა, რომელსაც ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ია სუხიტაშვილი გაუძღვა. საგულისხმოა, რომ ია სუხიტაშვილის ბოლო კინოროლმა ფილმში „აპრილი“, APSA-ს დაჯილდოებაზე საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი, ვენეციის კინოფესტივალზე კი ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ამასთან, მას სხვა არაერთ კინოსა და თეატრის პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად, სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო აქვს მოპოვებული.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ კამერასთან მუშაობის შესახებ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კამერასთან თავდაჯერებულად და ბუნებრივად მუშაობის ტექნიკა, ემოციების გამოხატვის მეთოდები, ტემბრისა და აქცენტის მართვა, აუდიტორიასთან კომუნიკაციის სტრატეგია და ამბის დამაჯერებლად მიწოდების ხერხები, რაც მომავალში ჟურნალისტური პროდუქტის უკეთ მომზადებაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.

გაზიარება