ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიას“ 14 კურსდამთავრებული ჰყავს - რამდენიმე მათგანი უკვე დასაქმდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსის „მედიასკოლის სტუდია“ წარმატებით დასრულებისთვის 14 სტუდენტს სერტიფიკატი გადასცა. კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეისწავლეს მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეადგინეს მედიაპორტფელი. აღსანიშნავია, რომ მიღებული გამოცდილებისა და მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციის შედეგად, რამდენიმე კურსდამთავრებულმა სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.
ინტენსიური კურსის განმავლობაში, „მედიასკოლის სტუდიის“ ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ტექნიკით აჭღურვილი მონაწილეები, პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობდნენ რადიო საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას; მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას და წაყვანას რადიოსთვის, ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელე მონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას რადიოსა თუ ტელევიზიისთვის; სატელევიზიო ბადის შექმნას; ფორმატირებას; ფროდაქშენს და სოციალური მედიის ჟურნალისტიკას.
თითოეულ საგანს უძღვებოდნენ სფეროს ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან „რუსთავი 2“-ის საინფრომაციო სამსახურის უფროსი, თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, „რუსთავი 2“-ის წამყვანი დავით კაკულია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მედია დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროდიუსერი ეკატერინე ტალახაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი გიორგი ქასრაშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხმის ჯგუფის უფროსი მაკა კუჭაიძე, „იმედის“ ჟურნალისტი, რეპორტიორი და ტელე-დოკუმენტური ფილმების ავტორი მარიამ ბაკურაძე, „იმედის“ მემონტაჟე ნანა უგულავა-ჯანისიანი, „იმედის“ ჟურნალისტთა ვერბალური და არავერბალური ტექსტის მართვის უნარის ტრენერი თამთა ცინცაძე და ComCom-ის „მედიააკადემიის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ლაშა დარბაისელი.
შეგახსენებთ, რომ „მედიასკოლის სტუდიამ“ მიღება უკვე მეორედ, 16 თებერვლამდე გამოაცხადა, სადაც კანდიდატები წერითი ტესტირების, ზეპირი გასაუბრებისა და სატესტო ვიდეოჩაწერის კონკურსის შედეგად შეირჩევიან. შერჩეული მონაწილეები კი 4 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ, ჟურნალისტიკის მიმართულებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ სასურველ სფეროში დასაქმების, კარიერის დაწყებისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.