წვდომის მენიუ

მარტი 16, 2026 15:04

Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკის სწავლების 4 თვიანი პრაქტიკული კურსი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკულ 4-თვიან კურსზე მეოთხე ნაკადის მიღება დასრულდა. შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული 12 სტუდენტი შეირჩა, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, დაიწყონ კარიერა და დასაქმდნენ მედია სფეროში. 

ინტენსიური კურსის ეფექტიანად წარმართვისთვის, „მედიასკოლის სტუდია“ ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ტექნიკით  არის აღჭურვილი. ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები, სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას;  მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელემონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ. 

საგულისხმოა, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ კურსდამთავრებულთა 85% სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში უკვე დასაქმდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს  მედიასკოლა შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს. 

„მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით  შეირჩნენ.   

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“, ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები