წვდომის მენიუ

ოქტომბერი 31, 2024 12:51

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ინტენსიური სწავლება მიმდინარეობს

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს „მედიასკოლის სტუდიის“ ინტენსიური 4 თვიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებული 15 სტუდენტისთვის პროფესიის სრულფასოვნად დაუფლებასა და მრავალფეროვანი მედიაპორტფელის შექმნას ემსახურება, რაც თითოეულ მათგანს, ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. კურსი მოიცავს ჟურნალისტიკის მიმართულებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის შესრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ.

კურსის ფარგლებში, სტუდენტები სწავლობენ რადიო საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას;  მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას და წაყვანას  რადიოსთვის, ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელე მონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას, პროდიუსირებასა და წაყვანას  რადიოსა და ტელევიზიისთვის; ასევე, სატელევიზიო ბადის შექმნას, ფორმატირებას, ფროდაქშენს და სოციალური მედიის ჟურნალისტიკას. თითოეულ საგანს კი, ხელმძღვანელობენ სფეროს ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან „რუსთავი 2“-ის საინფრომაციო სამსახურის უფროსი, თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, „რუსთავი 2“-ის წამყვანი დავით კაკულია, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მედია დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროდიუსერი ეკატერინე ტალახაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი გიორგი ქასრაშვილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხმის ჯგუფის უფროსი მაკა კუჭაიძე, „იმედის“ ჟურნალისტი, რეპორტიორი და ტელე-დოკუმენტური ფილმების ავტორი მარიამ ბაკურაძე, „იმედის“ მემონტაჟე ნანა უგულავა-ჯანისიანი, „იმედის“ ჟურნალისტთა ვერბალური და არავერბალური ტექსტის მართვის უნარის ტრენერი თამთა ცინცაძე და ComCom-ის „მედიააკადემიის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ლაშა დარბაისელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მედიასკოლის სტუდია“ აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, რაც კურსის სტუდენტებს რეალურ ნიუსრუმში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს.  მედიასკოლის კურსი 9 სექტემბერს დაიწყო და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით  შეირჩნენ.  წარმატებულ კურსდამთავრებულებს  მედიააკადემია შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემიის “მედიასკოლის სტუდია”, ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები