წვდომის მენიუ

ოქტომბერი 18, 2024 12:08

ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა

კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ უპრეცედენტოდ ბევრი - 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა. შემოსულ ნაშრომებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ორ გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს.

ოლიმპიადაში მონაწილეობა სკოლის სახელით შეეძლოთ I-დან V და VI-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელთაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებდა. გუნდებს ბლოგის, ესსეს, სტატიის, ვიდეოს, პოდკასტის, ციფრული პოსტერის ან კომიქსის სახით უნდა შეემუშავებინათ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ისეთი მაღალტექნოლოგიური პრიზები, როგორებიცაა ლეპტოპი, ინტერაქციული დაფა, მიკროფონი, ლედ განათება, მობილურის შტატივი და ბანერი, რაც მოსწავლეებს მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, საუკეთესო ათი ნამუშევარი მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება, ხოლო ყველა მონაწილე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარისა და მოქალაქის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები