წვდომის მენიუ

აგვისტო 05, 2024 10:08

ComCom-ის მონიტორები საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა გადაამზადა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციურად და მაღალი სტანდარტით ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ჯგუფის წევრებს ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა. ტრენინგები, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, „საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.  

ტრენინგების მიზანია, კომუნიკაციების კომისიამ, ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებით,  თვისებრივი მედიამონიტორინგის კვალიფიციური შედეგებიც  მიაწოდოს.  

პირველ ეტაპზე ევროპის საბჭოს ექსპერტის, რასტო კუზელის მიერ კომუნიკაციების კომისიის  თანამშრომლები, როგორც ტრენერები გადამზადდნენ და მიიღეს დეტალური ცოდნა მედიამონიტორინგის ევროპული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო, რის მიხედვითაც ComCom-ის თანამშრომლები  საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად  მედიამონიტორინგის ჩატარებაში უკვე თავად გადაამზადებენ მონიტორებს. 

ხოლო მეორე ეტაპზე, ექსპერტის ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით, ComCom-ის წარმომდგენლებმა მედიამონიტორები თვისებრივ მედიამონიტორინგში გადაამზადეს. ტრენინგების ფარგლებში როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდა და მონიტორებმა იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სამართლებრივი ჩარჩო მედიის მიერ 2024 წლის არჩევნების გასაშუქებლად, რაოდენობრივი და თვისებრივი  ანალიზი, მედიის მონიტორინგისთვის მონაცემთა მართვა და ანალიზი, ასევე ანგარიშების მომზადება. მონიტორებმა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მიხედვით, პრაქტიკული დავალებებით ისწავლეს თვისებრივი  ანალიზისას გასათვალისწინებელი გაშუქების სტანდარტები, მონაცემების აღრიცხვა, ანგარიშგება, ტონის შეფასება და პირდაპირი და ირიბი დროის დათვლა. 

კომუნიკაციების კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 27 აგვისტოს დაიწყებს და 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება. რაოდენობრივთან ერთად, კი თვისებრივი მედიამონიტორინგი 7 მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. მონიტორინგის პროცესში 30-მდე სპეციალურად გადამზადებული მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. 

მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.  კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო თვისებრივი მედიამონიტორინგი ორჯერ ჩაატარა, პირველად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს, ხოლო მეორედ 2021 წელს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს. 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები