ComCom-ის წარმომადგენელმა ICANN/GAC-ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (GAC/ICANN) შეხვედრაში, რომელიც ICANN-ის რიგით 84-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: ინტერნეტ-მმართველობა და ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS+20); ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა დომენური სახელების სისტემაზე (DNS) და მისი უსაფრთხოება; ახალი gTLD-ების (ზოგადი ზედა დონის დომენების) პროგრამის მეორე რაუნდი, მათ შორის, გეოგრაფიული სახელების დაცვა, და ასევე, ეროვნული ccTLD-ების (ქვეყნის ეროვნული კოდი ზედა დონის დომენში) განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის შედეგად, ComCom-ის წარმომადგენელი მოამზადებს საინფორმაციო დოკუმენტს ახალი gTLD-ების პროგრამის მეორე რაუნდის ფარგლებში გეოგრაფიული სახელების დაცვის თაობაზე, რომელიც შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთობლივად იქნება განხილული.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, ComCom-ის წარმომადგენელი შეხვდა ICANN-ის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროპის ოფისის მმართველ დირექტორს, კრის მონდინის, რომელმაც, ICANN-ის სახელით, მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის გამართვას და ასევე, ComCom-სა და ICANN-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია ჩამოყალიბდა 1998 წლის 21 ნოემბერს და სრულად პასუხისმგებელია ინტერნეტის ტექნიკურ ფუნქციებზე, ასევე, კოორდინაციას უწევს ერთიანი საყოველთაო ინტერნეტის ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერნეტის გაფართოებისა და განვითარების თვალსაზრისით. ICANN-ის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტში საქართველო, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, 2005 წელს გაწევრიანდა.
