წვდომის მენიუ

მაისი 28, 2025 11:03

ComCom-ის წარმომადგენელმა მარეგულირებლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, მზია გოგილაშვილი, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) 160 წლის იუბილესა და ჩრდილოეთ მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (AEC) 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფერენციას (IRC) დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, EaPeReg-ის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი) სახელით,  ITU-სთან თანამშრომლობასა და სამმხრივი თანამშრომლობის რეგიონებში ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის ამაღლების საჭიროებაზე ისაუბრა.

შეხვედრა კონფერენციაზე სპეციალური სესიის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ComCom-ის წარმომადგენელთან ერთად, BEREC-ის (ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება) და EMERG-ის (ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება) ვიცე-თავმჯდომარეები და ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორი მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ სამმხრივ თანამშრომლობას,  ITU-ს განვითარების ბიუროს ხელმძღვანელის, კოსმას ზავაზავას ინიცირებით, 2023 წელს ჩაეყარა საფუძველი. იგი აერთიანებს ITU-სა და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ორ დამოუკიდებელ პლატფორმას - EaPeReg-სა და EMERG-ს.

კონფერენციის მთავარ თემებს ციფრული ტრანსფორმაცია, ინფრასტრუქტურის ციფრული რუკები, სპექტრის მართვა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICTs) გამოყენების უსაფრთხოება, ციფრული ინკლუზია, ციფრული მაუწყებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მარეგულირებელი ორგანოების როლის მიმოხილვა წარმოადგენდა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები