ComCom-ის წარმომადგენელმა სპექტრის მართვის 21-ე ევროპულ კონფერენციასა და D2D პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გიორგი პაპავამ, სპექტრის მართვის რიგით 21-ე ევროპულ კონფერენციასა (ESMC) და თანამგზავრული მობილური კავშირგაბმულობის სისტემების (Direct-to-device (D2D)) პოლიტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ სპექტრის პოლიტიკისა და ამ მიმართულებით სამომავლო სტრატეგიების შემუშავების, მართვისა და დანერგვის განხილვას დაეთმო.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სპექტრის პოლიტიკა და ციფრული ქსელების შესახებ აქტის (Digital Networks Act) პროექტი; სპექტრის მართვა და ლიცენზირების წესების განახლება; მეხუთე თაობის (5G) ინტერნეტის მიღმა გზის გაკვალვა და ევროპის სტრატეგიული გზამკვლევი მეექვსე თაობის (6G) ინტერნეტისთვის; თანამგზავრული ქსელების (Non-Terrestrial Networks-NTN) ლიცენზირება და თანაარსებობის უზრუნველყოფა კოსმოსში; სპექტრის განაწილება და ქსელის ეფექტურობა; ზედა 6 გჰც, 2 გჰც და 700 მჰც-ზე ქვედა დიაპაზონების სამომავლო განვითარება; კერძო ქსელები და ინდუსტრიული სპექტრი; მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციისთვის (WRC-27) და სხვა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ასევე ჩატარდა სესიები, რომლის დროსაც კონფერენციაში მონაწილე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს თანამგზავრული მობილური კავშირგაბმულობის სისტემების საერთაშორისო პოლიტიკის მოდელები და მომსახურების დანერგვა ჰარმონიზებულ მობილურ (IMT) დიაპაზონებში; D2D-ის სტრატეგიული და კომერციული დანიშნულება; D2D-ის როლი ერთიან ბაზარზე ინოვაციების, ციფრული სუვერენიტეტისა და კონკურენციის ხელშეწყობაში; თანამგზავრული სისტემების განვითარების გავლენა მომხმარებლის მიერ სპექტრის გამოყენებასა და მართვაზე და სხვა.
შეგახსენებთ, რომ სპექტრის მართვის 21-ე ევროპული კონფერენცია და თანამგზავრული მობილური კავშირგაბმულობის სისტემების (D2D) პოლიტიკის ფორუმი წარმოადგენს გლობალური სპექტრის სერიების (Global Spectrum Series) ნაწილს, რომელიც აერთიანებს 200-ზე მეტ ინდუსტრიის ლიდერსა და დაინტერესებულ მხარეს და სპექტრის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
