წვდომის მენიუ

სექტემბერი 11, 2026 12:31

ComCom-ის წარმომადგენელმა WTIS-26-ში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ქავთარაძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) და შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინდიკატორების რიგით 21-ე მსოფლიო სიმპოზიუმში (WTIS-26) მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ComCom-ის წარმომადგენელი ტელეკომუნიკაციებისა და ICT ინდიკატორების ექსპერტთა ჯგუფის (EGTI) მე-17 შეხვედრასა და ICT შინამეურნეობების ინდიკატორების ექსპერტთა ჯგუფის (EGH) მე-14 შეხვედრას დაესწრო.

WTIS-26-ის მთავარ თემას „სტატისტიკის მეშვეობით ციფრული პოლიტიკის წარმართვა“ (Guiding digital policy through statistics) წარმოადგენდა. სიმპოზიუმი სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაცემებისა და ICT ინდიკატორების როლის, ციფრული განვითარების ახალი საზომი მიმართულებებისა და მონაცემთა გამოყენების ინოვაციური მიდგომების განხილვას დაეთმო.

ღონისძიებების ფარგლებში კომისიის წარმომადგენელმა სამუშაო შეხვედრებისა და სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროებში არსებული მდგომარეობა და ტელეკომ ბაზარზე მონაცემთა შეგროვებისა და ბაზრის მონიტორინგის მიმართულებით ComCom-ის მიერ გაწეული სამუშაო და მიღწეული პროგრესი. ამასთან, კომისიის წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია ITU-ს EGTI/EGH ქვეჯგუფების საქმიანობაზე და აქტიურად ჩაერთო ახალი ინდიკატორებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია კომისიის მიერ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისთვის.

ღონისძიების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მომუშავე ექსპერტებმა გამართეს დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში სტატისტიკური მონაცემების ეფექტიანად გამოყენება; ინდიკატორების საერთაშორისო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ციფრული ინკლუზიისა და ციფრული ტრანსფორმაციის მდგრადობის გაზომვისათვის მონაცემთა ახალი წყაროების, ინდიკატორებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება; ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიები და პრიორიტეტები; მონაცემთა შეგროვების ხარისხის გაუმჯობესება; ციფრული განვითარების სტატისტიკისთვის საჭირო დაფინანსების წყაროების მოზიდვა და სხვა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამართული პრაქტიკული და თემატური სესიები დაეთმო EGTI/EGH-ის ერთობლივი ქვეჯგუფის მიერ მომზადებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსის (IDI) ანგარიშის განხილვას, ასევე EGTI-ის ქვეჯგუფების ანგარიშებს ეროვნული სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის ინდიკატორებისა და თანამგზავრზე დაფუძნებული ფართოზოლოვანი დაკავშირებადობის ინდიკატორების შესახებ. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: შინამეურნეობებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაზომვა, შინამეურნეობებისა და ინდივიდების მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) წვდომისა და მათი გამოყენების გაზომვის სახელმძღვანელოს განახლება, მოწყობილობების ხელმისაწვდომობის საზომი ინდიკატორები, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის საზომი ინდიკატორები, რეგიონული მონაცემების ვიზუალიზაცია და GIS ინსტრუმენტები, ასევე ტელეკომუნიკაციებისა და ICT-ის შესახებ ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვების სახელმძღვანელოს განახლება.

ამასთან, EGTI-ისა და EGH-ის შეხვედრები მიზნად ისახავდა აღნიშნული სამუშაო ჯგუფების მიმდინარე საქმიანობისა და 2027 წლის სამოქმედო გეგმის მიმოხილვას. აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფები განსაზღვრავენ საერთაშორისო მეთოდოლოგიებსა და ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების სტატისტიკის შესაგროვებლად და შესაფასებლად.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომუნიკაციებისა და ICT ინდიკატორების მსოფლიო სიმპოზიუმი (WTIS) ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული საზოგადოების გაზომვის საკითხებზე მთავარ გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. იგი აერთიანებს მთავრობების, მარეგულირებელი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და ტელეკომ ინდუსტრიის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ICT მონაცემების მწარმოებლებისა და ანალიტიკოსების წარმომადგენლებს. სიმპოზიუმის მიზანია ICT მონაცემებისა და სტატისტიკის ახალი და აქტუალური საკითხების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების მიმართულებით ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების, ასევე პოლიტიკის შემუშავებაში მონაცემებისა და სტატისტიკის როლის განხილვა.

ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ComCom-ის ანალიტიკური და მონაცემებზე დაფუძნებული მარეგულირებელი საქმიანობის გაძლიერებას და საქართველოს სტატისტიკური მონაცემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან და სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები