ოქტომბერი 24, 2023 16:29

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 58-ე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

ბუქარესტში გამართულ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 58-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის მთავარმა სპეციალისტმა, თამარ ხუხუნაიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მთავარ თემებს მედიისა და ინფორმაციის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის გამოყენება და კონტენტის მიწოდების მომავალი წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, ComCom-ის წარმომადგენლებმა კოლეგებს ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მიმდინარე პროცესები და არსებული მდგომარეობა გააცნეს. 

პირველი თემატური სესია “მედია და ინფორმაცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის” EPRA-ს ვიცე-თავმჯდომარე ვალენტინ ალექსანდრუ ჯუკანმა გახსნა, რომლის ფარგლებშიც, რუმინეთისა და მოლდოვის რადიოს და ტელევიზიის, “დოიჩე ველე აკადემიისა” და იაგელონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სანდო მედია ბაზრის ჩამოყალიბებაზე, ციფრულ ეპოქაში მედიის სიცოცხლისუნარიანობასა და მედიის გამჭვირვალობაზე ისაუბრეს. 

მეორე სესიის თემას, რომელსაც EPRA-ს ვიცე-თავმჯდომარე სტანისლავ მატეიკა უძღვებოდა, კონტენტის მიწოდების მომავალი წარმოადგენდა. დისკუსიისას, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის (EAO), ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისის (Ofcom), საბერძნეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული საბჭოს (NCRT) და ნიდერლანდების მედია მარეგულირებლის (CvdM) წარმომადგენლებმა, კონტენტის მიწოდების ახალი მოდელები, მარეგულირებელი ჩარჩოების ადაპტირების საჭიროებები, ასევე, მარეგულირებლების გამოცდილებები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. 

გარდა თემატური სესიებისა, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის 58-ე შეხვედრაზე, EPRA-ს წევრებმა 2024-2026 წლების სტრატეგიისთვის მოსაზრებების შეგროვება დაიწყეს.  მედიის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მედია ექსპერტები, ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, რომ EPRA მაუწყებლობის მარეგულირებელი ევროპული ორგანოების დამოუკიდებელი და ნეიტრალური გაერთიანებაა, რომლის მიზანს, მარეგულირებელ ორგანოებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები