ComCom-ის წარმომადგენლებმა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMERG-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა და ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გიგა ცისკარიძემ და არჩილ ბერიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), ევროკავშირის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფისა (EMERG) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში. ღონისძიება მობილური ინფრასტრუქტურის მომსახურების ხარისხისა და მდგრადობის საკითხზე რეგიონების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურებოდა.
სამუშაო შეხვედრაზე მზია გოგილაშვილი მიწვეული იყო როგორც ComCom-ის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით. ღონისძიებაზე იგი წარსდგა მისასალმებელი სიტყვით და ამასთან, მონაწილეობა მიიღო ღონისძიების შემაჯამებელ დისკუსიაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა და 5G ქსელის განლაგებისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს როგორც კომუნიკაციების კომისიის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებლების როლი და აღნიშნული საკითხის თვალსაზრისით არსებული ვითარება და გეგმები. ამავდროულად, ComCom-ის თანამშრომლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა: საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისადმი მომხმარებლების ნდობის განმტკიცება; ახალი თაობის ქსელების განლაგების შესაძლებლობები და გამოწვევები; კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით უსაფრთხოების ზომების მიღება და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავება; ციფრული და მობილური ინფრასტრუქტურის განვითარება; კიბერუსაფრთხოების გაძლიერება; მომსახურების ხარისხის გაზომვის ინსტრუმენტები და პლატფორმები; მობილური ინფრასტრუქტურის მდგრადობის ხელშეწყობა; საზღვრისპირა თანამშრომლობისა და საკოორდინაციო მექანიზმების გაძლიერება; OpenRAN-ის დანერგვა და რისკების შეფასება და სხვა.
