ComCom-ის წარმომადგენლებმა ITU-ს ტელეკომუნიკაციების რიგით მე-19 მსოფლიო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდიკატორების რიგით მე-19 მსოფლიო სიმპოზიუმში (WTIS-24) მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ComCom-ის წარმომადგენლები ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდიკატორების (EGTI) ექსპერტთა ჯგუფის და შინამეურნეობების ინდიკატორების ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ახალი და ინოვაციური მოდელების შესახებ შეხვედრა გამართა ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორთან, კოსმას ზავაზავასთან, სადაც მხარეებმა ComCom-სა და ITU-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. კოსმას ზავაზავამ ComCom-ის წევრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ITU-სთვის მნიშნელოვანი პარტნიორი და დასაყრდენია.
სიმპოზიუმის გახსნით ნაწილში გამართულ მაღალი დონის სესიაზე ეკატერინე იმედაძემ დამსწრე საზოგადოებას კომუნიკაციების კომისიის ის პროექტები გააცნო, რომლებიც სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზის გაუმჯობესებას ემსახურება. ამასთან ერთად კი, მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სექტორის მონაცემების დროული შეგროვებისა და ანალიზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შესაძლო გამოწვევები განიხილა. მაღალი დონის პანელურ დისკუსიას მოდერირებას ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორი, კოსმას ზავაზავა უწევდა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, მეგა მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ხელოვნური ინტელექტის ახალ სტრატეგიებს.
სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკის შემმუშავებლები, ბიზნეს ლიდერები, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე, მკვლევარები და სტატისტიკოსები. ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის შეფასების სტატისტიკური ინდიკატორების გაუმჯობესებისთვის არსებული ახალი მიდგომები და ინოვაციური სტრატეგიები. ასევე, მონაწილეებმა სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ადეკვატური საზომი ინსტრუმენტებისა და მანდატების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრებს, მსჯელობა ეთმობოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაფასებლად გამოკითხვების ჩატარება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფასების განსაზღვრის მეთოდოლოგია, სერვისის ხარისხის ინდიკატორების შეგროვება და სხვა. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდექსის (IDI) შესახებ მომზადებული ანგარიში.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან და სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.