ComCom-ის წარმომადგენლებმა მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალურ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მზია გოგილაშვილმა მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალურ სიმპოზიუმში (GSR-25) მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც კოლეგა მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს. სიმპოზიუმი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და საუდის არაბეთის კომუნიკაციების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომისიის (CST) ორგანიზებით ჩატარდა.
სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა არაბეთის მარეგულირებლის მოქმედ მმართველთან, რომელსაც საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და პირველი მდივანი ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ემსახურებოდა.
ასევე ხელი მოეწერა ეგვიპტის მარეგულირებელ ორგანოსთან (NTRA) ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ელექტრონული კომუნიკაციების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, თანამგზავრული სისტემებისა და 5G ქსელების განვითარების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ ინდოეთის, თურქეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ტელეკომუნიკაციების სფეროში მოწინავე კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა Amazon Kuiper, “Globalstar” და “Plan S”.
GSR-25-ზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი საკითხების მიმოხილვას, როგორიცაა: მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების გზები; ციფრული ეკონომიკის განვითარებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებისა და ინოვაციების წახალისების მეთოდები; მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით თანამშრომლობის ჩარჩოების შექმნა; წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, ოპტიკური არხებისა და თანამგზავრული ქსელების გავლენა მდგრადი დაკავშირებადობის განვითარებაზე; ახალი ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერება და ამ მიმართულებით მარეგულირებლების მიერ სტრატეგიული მიდგომების შემუშავება; მომხმარებელთა კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვა და მარეგულირებლების ანგარიშვალდებულება; ინკლუზიური და სამართლიანი ციფრული ეკოსისტემის შექმნა; მედიაწიგნიერებისა და ციფრული უნარების განვითარება და სხვ.
GSR არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან პოლიტიკის შემქმნელების, ტელეკომ ოპერატორების, ინდუსტრიის წარმომადგენლების, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე უწყებებისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს აერთიანებს და მდგრადი ციფრული განვითარების რეგულირების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავს მიზნად.