დეკემბერი 14, 2023 17:22

ComCom-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის (IGF) რიგით მეცხრე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის, 5G ინტერნეტისა და მედიაწიგნიერების განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გურამ გურამიშვილთან და USAID საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველთან, დავით წიკლაურთან ერთად გახსნა. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, პრიორიტეტულია.

გახსნითი ნაწილის შემდგომ, გაიმართა პანელური სესიები. სესიაში “საქართველო საერთაშორისო ინტერნეტ შეერთების გასაყარზე და ინტერნეტ ფრაგმენტაციის ახალი გამოწვევები” კომუნიკაციის კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე მონაწილეობდა. სიტყვით გამოსვლისას, ეკატერინემ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებას უკავშირდება. კერძოდ, განიხილა საერთაშორისო დაკავშირებადობისა და ციფრული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, რეგიონში არსებული ახალი საჭიროებები, რომლებიც საქართველოსთვის აჩენს პოტენციალს, შავი ზღვის გავლით, დამაკავშირებელი ციფრული დერეფანი გახდეს. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა კომუნიკაციების კომისიის როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის, კომისია ტელეკომ სექტორის გახსნასა და ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს.

“ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება” ღონისძიების კიდევ ერთი პანელის თემა იყო, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ გაუწია და რომელიც 5G ინტერნეტის, ვირტუალური მობილური ოპერატორების, ასევე, ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონისა და ინტერნეტის გაცვლის ცენტრის მდგომარეობის შეფასებას და განვითარების შესაძლებლობების განხილვას ემსახურებოდა. პანელზე სხვა გამომსვლელებთან ერთად, ComCom-ის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ეკა სიჭინავა მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოში მობილური ბაზრის განვითარების ტენდენციები და 5G ქსელებისა და ვირტუალური ოპერატორების განვითარების პერსპექტივები შეაფასა.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა კიდევ ერთი პანელური სესია ციფრული წიგნიერების სწავლების შესახებ, სადაც საქართველოში ციფრული წიგნიერების სწავლების შედეგები და გამოწვევები, აკადემიური საფეხურის კიბერგანათლება და ციფრული მოქალაქეობის ინდექსის საკითხები განიხილებოდა. სესიაში კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე მონაწილეობდა, რომელმაც ამ მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები მიმოიხილა. კერძოდ, საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის მიღწევებსა თუ სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ ComCom-მა პროექტის ფარგლებში 600 პედაგოგი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა, ასევე, შეიმუშავა სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რის შემდეგაც, 2023 წლის სასწავლო წლიდან, სკოლებში მედიაწიგნიერება არჩევით საგნად შევიდა. ნათია კუკულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ComCom-ისთვის პრიორიტეტულია განათლების ყველა საფეხურზე სისტემური მიდგომა, რის გამოც, კომისია პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს და მედიაწიგნიერების უმაღლეს განათლებაში ინტეგრირების მიმართულებით მუშაობს. თავის სიტყვაში, ComCom-ის წევრმა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობებიც მიმოიხილა.

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი მიზნად ინტერნეტ-მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საჯარო კონსულტაციების პროცესის ხელშეწყობას, ასევე, აღნიშნული მიმართულებით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და ადგილობრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას ისახავს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები