ივნისი 06, 2024 14:41

ComCom-ის წევრი ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე: „საქართველომ უნდა გამოიყენოს დარგის პოტენციალი და ციფრული სერვისების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდეს“

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, კვირეულის ფარგლებში ComCom-სა და ბაჰრეინის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (TRA) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მხარეთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მხრივ განხორციელებული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა პანელური სესია „ლიდერების დისკუსია - მომავლისთვის შესაფერისი ციფრული სამყაროს ფორმირება“, რომლის ფარგლებშიც, ეკატერინე იმედაძემ იმსჯელა თუ რამხელა როლი აქვთ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაში მარეგულირებელ ორგანოებს: „იმისთვის რომ ტექნოლოგიის სწრაფ განვითარებას ფეხი ავუბათ, მარეგულირებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვიფიქროთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი ციფრული ბიზნესების ზრდას გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით.  გარდა ამისა, ინოვაციების წახალისებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას შორის ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნება აუცილებელია ინოვაციების მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.“ - აღნიშნა კომისიის წევრმა.

საუბრისას ეკატერინე იმედაძემ საქართველოს პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება: „რაც შეეხება სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აშკარაა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი რეგიონალური პოტენციალი, რათა გახდეს სამხრეთ კავკასიის ციფრული ჰაბი. რეგიონული მონაცემთა ცენტრის შექმნა და წყალქვეშა ციფრული დერეფნების გამოყენება მცირე და საშუალო ბიზნესებს უაღრესად ხელსაყრელ გარემოს და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, სადაც ისინი მულტისექტორული ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან.“ - აღნიშნა მან.

ამასთან ერთად, კვირეულის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია რეგიონული მარეგულირებელი ასოციაციების (RAs) თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, ეკატერინე იმედაძემ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) 2023 წლის თავმჯდომარემ, მონაწილეებს ქსელის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დისკუსიისას მომხსენებლებმა მიმოიხილეს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტრანსფორმირდეს არსებული მარეგულირებელი გარემო.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კიდევ ერთი პანელური სესია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობასა და მონაწილეობას მიეძღვნა, სადაც ეკატერინე იმედაძემ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პანელს მოდერაციას უწევდა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალური მდივანი, დორინ ბოგდან მარტინი, ხოლო კომისიის წევრთან ერთად მონაწილეობას ბარბადოსის, ნამიბიის, პაკისტანის, სლოვენიისა და ვატიკანის ციფრული ინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს მაღალი რანგის წარმომადგებლები იღებდნენ.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის წევრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის მმართველობას, მისი გამოყენების სტანდარტებსა და შესაძლო რეგულირების სფეროებს, ინფორმაციის უსაფრთხოების, ეთიკურობისა და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სესიაზე მონაწილეებმა განიხილეს ეროვნული და მრავალმხრივი AI ინიციატივის მაგალითები, იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის სარგებლიანობის  მაქსიმიზაციისა და რისკების მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, აუდიტორიას თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება გაუზიარეს.

ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტიმა 20 წლის წინ გლობალური ციფრული თანამშრომლობისთვის შეიმუშავა ჩარჩო, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული, ინკლუზიური ცოდნისა და ინფორმაციის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას და მათ დაკავშირებას ემსახურებოდა. WSIS-ის მაღალი დონის კვირეული კი სწორედ აღნიშნული ჩარჩოს შემუშავებიდან, 20 წლის განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების აღნიშვნასა და სამომავლო ხედვების გაზიარებას ემსახურებოდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები