ComCom-ის წევრი ნათია კუკულაძე სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიას წარუძღვა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია. სადისკუსიო სესია თემაზე „ინფორმაციული გავლენები და საფრთხეები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში: მედიაწიგნიერება როგორც პასუხი” გაიმართა, რომელში მონაწილეობაც „ალტერბრიჯისა” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. პანელზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენება მედიაწიგნიერების პროგრამებში: გზა მისინფორმაციის შემცირებისკენ, დეზინფორმაცია და საინფორმაციო უსაფრთხოება ციფრულ ეპოქაში, ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში, სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია ციფრულ ეპოქაში: მედიაწიგნიერება, როგორც პრევენციის მექანიზმი, ასევე, დეზინფორმაცია, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი: დაცული სფერო და ლეგიტიმური ინტერესების ბალანსი.
მეოთხე სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება ციფრულ ეპოქაში: აზროვნება, კომუნიკაცია და ცვლილება” თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაციების პირობებში თავისუფლების, კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ცვლილებების მრავალმხრივ გააზრებას მიეძღვნა. კონფერენციის მიზანია სტუდენტებში კვლევითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, მულტიდისციპლინური აკადემიური დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი და კულტურული განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ასევე გლობალური და ლოკალური ტრანსფორმაციული პროცესები, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, დემოკრატიულ პროცესებზე, ინფორმაციის წარმოებისა და გავრცელების დინამიკაზე, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, შრომის ბაზრის ცვლილებებზე, იდენტობის ფორმირებასა და ადამიანის ავტონომიაზე.
