ოქტომბერი 10, 2023 14:05

ComCom-ის წევრმა ამერიკელ კოლეგებს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერი ინიციატივები გააცნო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკურ მრჩეველთან, ემილი ბალისთან ერთად, ღონისძიება ,,დაკავშირებადობის უზრუნველყოფის მოდელები (Connectivity Solutions) გახსნა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების შესახებ, რომლებიც ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის და თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო მოდელების დანერგვის მიმართულებით ხორციელდება. აღნიშნული კი, თითოეული მოქალაქისთვის მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ციფრული სერვისების უზრუნველყოფას გულისხმობს. ComCom-ის წევრმა ასევე საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე ის მნიშვნელოვანი პროექტები და აქტივობები მიმოიხილა, რომლებიც კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით ხორციელდება.

“კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციაზე. ამ კონტექსტში, დღეისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უნივერსალური მომსახურების დირექტივის დანერგვის პროცესს. გარდა ამისა, აღსანიშნავია კანონი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო. კანონის მიზანია უზრუნველყოს სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე ტელეკომ ოპერატორების არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებით დაშვება და ამით, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნული კანონის აღსრულების პროცესში, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები ეკისრება კომუნიკაციების კომისიას.” - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ამერიკელ კოლეგებს ასევე ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია - “მინდა ასევე შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციების კომისია. პროექტი „Log in Georgia”, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას და საქართველოს 1000 სოფლისა და 500 000 მოქალაქისთვის ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ისახავს მინზად” - აღნიშნა ComCom-ის წევრმა. 

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის ეროვნული ადმინისტრაციის, ასევე, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარებენ, როგორებიცაა  ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აშშ-ში მოქმედი მოდელები და პროგრამები, აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მიდგომები დაკავშირებადობასთან მიმართებით, სატელიტური ინტერნეტი, ფართოზოლოვან ინფრასტურუქტურასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ასევე, ინფრასტუქტურის ციფრული რუქის შემუშავება და სხვა.

სამუშაო შეხვედრები თბილისში, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული  სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ციფრული კავშირისა და კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის დაფინანსებით იმართება. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები