წვდომის მენიუ

ივლისი 16, 2025 11:59

ComCom-ის წევრმა და ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორმა თანამშრომლობის გეგმები დასახეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) განვითარების ბიუროს დირექტორთან, კოსმას ზავაზავასთან შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც ComCom-სა და ITU-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა განიხილეს და ციფრული ტრანსფორმაციის, ინკლუზიისა და ციფრული უნარების განვითარების მიმართულებით, სამომავლო ერთობლივ ინიციატივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ITU-ს განვითარების ბიუროს ინიციატივით შექმნილი ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) საქმიანობას, რომლის წევრადაც ეკატერინე იმედაძე 2025 წელს აირჩიეს. ComCom-ის წევრი DRN-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი ქსელის (EaPeReg) წარმომადგენელია.

კოსმას ზავაზავამ ეკატერინე იმედაძეს მადლობა გადაუხადა როგორც ITU-ს ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე კომუნიკაციების კომისიის ღირებული ჩართულობისთვის ITU-ს სხვადასხვა ფორმატისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ITU-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასაყრდენია. შეხვედრის ფარგლებში კოსმას ზავაზავამ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრა ჟენევაში გამართული ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ (WSIS+20) მაღალი დონის კვირეულისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ITU-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტი (WSIS) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის ლიდერებს.  ღონისძიება 2003 წლის ჟენევის სამოქმედო გეგმისა და გაეროს 17 ციფრული მდგრადი განვითარების (SDG) მიზნის ფარგლებში, ITU-ს წევრი სახელმწიფოების მიღწევების, ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას ემსახურება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები