დეკემბერი 06, 2023 15:26

ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს ფორუმზე მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა

ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, ევროპის საბჭოს რეგიონული მედია ფორუმის - “ნარატივის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება ომის დროს” ფარგლებში, მედიის რეგულირების შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას, ივანე მახარაძემ საქართველოს მედიაგარემოზე, "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ევროკავშირის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ დირექტივასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებზე, ძირითად ტენდენციებსა და ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე  გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარლგებში, ივანე მახარაძემ და ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის აუდიო-ვიზუალური საბჭოს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ფორუმი მიზნად უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინას შორის, რეგიონში გამოხატვის თავისუფლების სფეროში დიალოგის ხელშეწყობას ისახავდა. ღონისძიებას აღნიშნული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მედია აქტორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ექსპერტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიის რეგულირება, მიმდინარე რეფორმები, მედიის მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისობა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან, მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, დამაზიანებელი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სახელმწიფოებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების პასუხი დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, ასევე, ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვა, მდგრადი მედია ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები