ComCom-ის წევრმა ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის (CDMSI) 27-ე პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, CDMSI-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ინიციატივები განიხილებოდა.
CDMSI-ის 27-ე პლენარული სხდომა ასევე დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას, როგორებიცაა ევროპაში პრესის თავისუფლების, პოლიტიკური ზეწოლის, დეზინფორმაციისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის ყოველწლიური ანგარიში; CDMSI-ის ონლაინ უსაფრთხოების, კონტენტის შემქმნელთა და მომხმარებელთა გაძლიერების ექსპერტული კომიტეტის (MSI-eSEC) მიერ შემუშავებული რეკომენდაციები; დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და პრაქტიკული ინსტრუმენტები; სოციალურ მედიაში კონტენტის მოდერაციის საჯარო რეგულირების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და CDMSI-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გამოხატვის თავისუფლებაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამართლებრივი თუ არასამართლებრივი ზომების გაძლიერების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში ევროპის საბჭოს მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების მმართველი კომიტეტის წევრები ასევე შეხვდნენ ვენეციის კომისიის, ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ CDMSI არის ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ მოქმედი კომიტეტი, რომელიც მუშაობს მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინტერნეტის მმართველობისა და ციფრულ გარემოში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. CDMSI-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძეა.