წვდომის მენიუ

სექტემბერი 08, 2025 12:37

ComCom-ის წევრმა GSR-25-ის სიმპოზიუმზე რეგიონულ ჰარმონიზაციასა და საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალურ სიმპოზიუმში (GSR-25) მიიღეს მონაწილეობა.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მარეგულირებლების რიგით 25-ე გლობალურ სიმპოზიუმში (GSR-25) მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმის ერთ-ერთი საკვანძო შედეგი საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოს (GSR – Best Practice Guidelines) მიღება იყო. აღნიშნული სახელმძღვანელო გლობალური  ციფრული ბაზრების რეგულირების სამომავლო ხედვას განსაზღვრავს. კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი ხედვა წარადგინა როგორც მარეგულირებლების ხელმძღვანელთა მრგვალი მაგიდის, ასევე - მარეგულირებელთა ასოციაციებისა და ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) შეხვედრის ფორმატში.

მარეგულირებლების ხელმძღვანელთა მრგვალ მაგიდის სესიაზე გამოსვლისას, ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა კომუნიკაციების კომისიის აქტუალურ პროექტებსა და წარმატებულ გამოცდილებაზე, როგორებიც არის სატელეკომუნიკაციო ბაზრების პირველი სრულმასშტაბიანი კვლევა და ბაზრის გახსნისა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ხელშეწყობის სტრატეგია, ფასების ბენჩმარკინგი, მომსახურებების ხელმისაწვდომობის კვლევა და ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა. ხოლო მარეგულირებელთა ასოციაციებისა და ციფრული რეგულირების ქსელის (DRN) შეხვედრის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით, ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას და EaPeReg-ის წარმატებული გამოცდილება და მიმდინარე პროექტები წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული ჰარმონიზაციისა და მომავალზე ორიენტირებული მარეგულირებელი ინსტრუმენტების საჭიროებას დაეთმო.

„მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ საქართველოს ხმა ჟღერს ამ გლობალურ პლატფორმაზე. GSR-25-ზე ჩვენ არამხოლოდ ვაზიარებთ საუკეთესო პრაქტიკას, არამედ ვქმნით ნდობისა და პარტნიორობის გარემოს, რომელიც აუცილებელია ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული ციფრული ეკოსისტემის შესაქმნელად. საქართველო რჩება ერთგული ამ სტრატეგიული მისწრაფების - გახდეს სანდო რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.” - აღნიშნა ეკატერინე იმედაძემ.

სიმპოზიუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა მოდერაცია გაუწია თემატურ სესიას - „დედამიწიდან კოსმოსამდე: სანდოობა და ინოვაციების ხელშეწყობა”, სადაც მარეგულირებელთა ასოციაციებისა და სატელეკომუნიკაციო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.  სესიის ფარგლებში იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მარეგულირებელმა ჩარჩომ დააბალანსოს ინოვაცია და უსაფრთხოება, რაც შექმნის დაბალ რისკიან და გახსნილ სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემას.

სიმპოზიუმის ფარგლებში, ინკლუზიური მმართველობის ინიციატივის მხარდასაჭერად, ეკატერინე იმედაძემ მოდერაცია გაუწია ასევე, ITU-ს განვითარების ბიუროს ქალთა ქსელის (NoW) ინტერაქტიულ სესიას. თემატური განხილვები ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი ქალების მიერ ექსპერტიზის,  ხედვებისა და გამოწვევების გაზიარებას დაეთმო. სესიის მიზანი ციფრულ მმართველობაში გახსნილი და მოქნილი გარემოს შექმნის მხარდაჭერა იყო.

ამასთან, GSR-25 ფარგლებში, ComCom-ის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენელმა, მზია გოგილაშვილმა, მონაწილეობა მიიღო მარეგულირებელი ორგანოების მასტერკლასში, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები