წვდომის მენიუ

სექტემბერი 19, 2024 14:15

ComCom-ის წევრმა ITU-ს ციფრული უნარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ გამართულ „ციფრული უნარების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული უნარების უთანასწორობასთან დაკავშირებული მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, ComCom-ის მიერ ციფრული უნარების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და ინიციატივებზე, ასევე მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებთან ერთად, მინდა განსაკუთრებით გამოვყო სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა და პროექტი Log in Georgia, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკისა და EIB-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მათი ციფრული უნარების გაუმჯობესების კუთხით“. - აღნიშნა ნათია კუკულაძემ.

სესიას მოდერაციას უწევდა ITU-ს განვითარების სექტორის დირექტორი, კოსმას ზავაზავა. მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ: ბაჰრეინის სამეფოს ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი, გაბონის ციფრული ეკონომიკისა და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი, ლიეტუვას კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და სხვა. სესიის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული უნარების უთანასწორობის აღმოფხვრის თვალსაზრისით განხორციელებულ ინიციატივებსა და არსებულ გამოწვევებზე, განათლების როლზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

გარდა ამისა, ITU-ს მიწვევით, ნათია კუკულაძემ მოდერირება გაუწია ონლაინ უსაფრთხოების  შესახებ სესიას, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ისეთი საფრთხეები, როგორებიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, კიბერბულინგი და სხვა. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავების კონკრეტული ინიციატივები და ასევე იმსჯელეს, თუ რა როლი აქვს  ცნობიერების ამაღლებას და ციფრული უნარების განვითარებას არსებული რისკების მართვისას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი და კომისიის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, მაია ბიგვავა.

„ციფრული უნარების ფორუმი“ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით და ბაჰრეინის მარეგულირებელი ორგანოს (TRA) მასპინძლობით გაიმართა და მიზნად ისახავდა დარგის ექსპერტების, ციფრული შესაძლებლობების განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სამინისტროების, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, სატელეკომუნიკაციო სფეროს ოპერატორების, ეროვნული საგანმანათლებლო, სასწავლო თუ საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული უნარების უთანასწორობის აღმოფხვრის სტრატეგიები, ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ ინფორმაციის უსაფრთხო გამოყენება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, განვითარებადი ტექნოლოგიების გავლენა მომავლის უნარებზე და სხვა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, კოლეგა მარეგულირებლებთან და სექტორის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები