ComCom-ის წევრმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო საზოგადოების მაღალი დონის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო საზოგადოების მაღალი დონის კვირეულში - Middle East 2024 Global Carrier Community Meeting (GCCM), სადაც, ციფრული კავშირების გაძლიერების შესახებ გამართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებს საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალი; ადგილობრივი ციფრული ბაზრის შესაძლებლობები და სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემაში ინვესტირების ხელშეწყობისთვის კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მაღალი დონის კვირეულზე ეკატერინე იმედაძე მონაწილეობდა ასევე აღმასრულებელთა პანელურ დისკუსიაში თემაზე „განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანები სატელეკომუნიკაციო სექტორში: თანასწორობა და ინკლუზია როგორც ახალი პრიორიტეტი“, რომლის ფარგლებშიც, წამყვან საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელა თუ რა გზები არსებობს ციფრულ ინდუსტრიაში ინკლუზიურობის წასახალისებლად, ასევე, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ქალების ჩართულობას სექტორის აღმასრულებელ ფუნქციებში.
ღონისძიების ფარგლებში მოხსენებები და დისკუსიები ძირითადად წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მდგრადობის და გაძლიერების, ახალი მონაცემთა ცენტრების, გაციფრულების, ელექტრონული კომუნიკაციების; ასევე, ეკონომიკის სფეროებზე ICT სექტორის გავლენების ანალიზს შეეხებოდა. კვირეულს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებამ (Carrier Community) უკვე მეთერთმეტედ, ამჯერად, ომანის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერით, ომანში უმასპინძლა.
GCCM ყოველწლიურად სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ტელეკომუნიკაციების სექტორში პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანიზაციებისა და მარეგულირებელი ორგანოების 1000-ზე მეტ მაღალი რანგის წარმომადგენელს უყრის თავს და მიზნად, მონაწილეებს შორის კავშირების გამყარებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას ისახავს.