ივლისი 02, 2024 15:51

ComCom-ის წევრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმში „ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მიზნად სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, არსებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის  წარმომადგენელთა როლის გაზრდას ემსახურებოდა.

შევხვედრის მონაწილეებმა სამ სხვადასხვა თემატურ ჯგუფში იმსჯელეს და ინფორმაცია გაცვალეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა განათლება და კულტურა, ასევე, ბიზნესი და ეკონომიკა და ინფორმაცია, როგორც დიასპორის წარმატების მექანიზმი.

თემატური პანელის „ინფორმაცია - დიასპორის წარმატების მექანიზმი“ ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წევრმა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით, ComCom-ის პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილა. ამასთან, ნათია კუკულაძემ ისაუბრა დეზინფორმაციასა და ყალბ ინფორმაციაზე, როგორც ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევ საფრთხეებზე და მედიაწიგნიერებაზე, როგორც აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ მთავარ იარაღზე.

პანელურ სესიას მოდერაციას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, მარინე ნარჩემაშვილი. დისკუსიაში კი ComCom-ის წევრთან ერთად, დიასპორული მედია, საინფორმაციო თუ სამაუწყებლო პლატფორმებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. საგულისხმოა, რომ პანელის მონაწილეებმა ComCom-თან თანამშრომლობისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ პროექტებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები