მაისი 24, 2024 10:28

ComCom-ის წევრმა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაფინანსების წარმატებულ მოდელებს მიეძღვნა. ComCom-ის წევრმა მოხსენებაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის რეალიზების მიმართულებით საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო ასევე რეგიონებში დაფინანსების უნივერსალურ ჩარჩოსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე, რაც თავის მხრივ ციფრული ეკონომიკის ხელშემწყობი და წამყვანი ინდუსტრიების მიერ კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავებას გულისხმობს.

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტი სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებით დაკომპლექტებული საბჭოს (SAMENA)  მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ინიციატივაა. წლევანდელი ღონისძიება, რომლის მთავარი თემაც “რეგიონში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება მისი ინტეგრაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფით” იყო, არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელეკომუნიკაციებისა და ციფრული მმართველობის მარეგულირებელი ორგანოს (TDRA) მხარდაჭერით ჩატარდა. ლიდერების სამიტი SAMENA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბოკარ ბამ და ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორმა კოსმას ზავაზავამ გახსნეს. ღონისძიება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს შორის, დიალოგისა და დისკუსიის ფარგლებში წარიმართა და მონაწილეობა გლობალურად ტექნოლოგიური კომპანიების და ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში ჩართულმა ლიდერებმა, ასევე სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები