ComCom-მა „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2024 წლის 3 მარტს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც შეიცვალა „აჭარასპორტ.ტვ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის შუა რგოლი, კერძოდ, „აჭარასპორტ.ტვ“-ს 100%-იანი წილის მფლობელის „აჭარა ქომმის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება და კომპანიის პარტნიორი „სითი ლოფტის“ ნაცვლად 100%-იანი წილის მფლობელად “ფი ეი ჰოლდინგი“ განისაზღვრა. აღნიშნული ცვლილების შესახებ კომუნიკაციების კომისიაში ინფორმაცია 2024 წლის 6 აგვისტოსაა წარმოდგენილი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიას უნდა ეცნობოს ცვლილების განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომუნიკაციების კომისიამ ცვლილების შესახებ წინასწარი თანხმობა უნდა გასცეს.
გამომდინარე იქიდან, რომ „აჭარასპორტ.ტვ“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გაყიდვამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ, კომუნიკაციების კომისიისთვის კანონით განსაზღვრული წესით არ მიუმართავს და შესაბამისად, აღნიშნულ ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა არ მიუღია, კომპანიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი დაარღვია, რისთვისაც ComCom-მა წერილობით გააფრთხილა.