წვდომის მენიუ

ივნისი 27, 2024 16:32

ComCom-მა აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებისთვის ეთიკისა და ქცევის ნორმები განსაზღვრა

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი დაამტკიცა.  ნორმატიული აქტების მიხედვით, კომისია მომსახურების მიმწოდებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს, კერძოდ: სამართლიანობას, პასუხის უფლებას, სასამართლო სხდომებისა და შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას დაადგენს.

დამატებით, ვიდეოგაზიარების პლატფორმების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა ასაკის ვერიფიკაციისა და მშობლის კონტროლის სისტემების შემუშავება. აღნიშნული ტიპის პლატფორმებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, თავადვე შეიმუშავონ ქცევის წესები ბაზრის სხვა მოთამაშეებთან ერთად.

ამასთან ერთად, ComCom-მა ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით, დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ, ახალი სახელმძღვანელო მითითებები მიიღო. როგორც ცნობილია, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების მიმწოდებლებს საქართველოს კანონი ავალდებულებს, რომ შეთავაზებული პროგრამების კატალოგის არანაკლებ 30% ევროპული წარმოების პროდუქციას დაუთმონ და კატალოგში თვალსაჩინო ადგილას განათავსონ. თუმცა, კომისიის სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წლიური შემოსავალი არ არის 2 მილიონ ლარზე მეტი ან/და აუდიტორია არ აღემატება პოტენციურ მომხმარებელთა 1%-ს, იგივე 10,000 მომხმარებელს, მიმწოდებელი დაბალი ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონედ განისაზღვრება და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, კომისიას დაევალა გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის მიღება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტი კომისიის ვებ-გვერდზე 1 თვის განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა უკვე შეძლეს, რომელთა ნაწილიც ComCom-მა გაიზიარა, ნაწილზე კი შესაბამისი დასაბუთებული განმარტებები გაკეთდა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები