წვდომის მენიუ

ივნისი 03, 2026 10:28

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე 60 სტუდენტისთვის, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ტრენინგი ჩაატარა თემაზე ,,ხელოვნური ინტელექტი დასაქმებისთვის”. ტრენინგს უძღვებოდნენ კომუნიკაციების კომისიის ,,ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია, რომელთაც მედიაწიგნიერების, ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების პლატფორმები, LinkedIn პროფილის ოპტიმიზაცია და სხვა.  

აღნიშნული ტრენინგ-მოდული ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს მომავლის კომპეტენციებისა და უნარების განვითარებაში. AI-ის, როგორც პერსონალური ასისტენტის გამოყენება (მაგ. CV-ის წერა, სამოტივაციო წერილების გენერირება, ინფორმაციის მოძიება), ახალგაზრდებს უზოგავს დროს და ეხმარება ყოველდღიური დავალებების უფრო ხარისხიანად შესრულებაში. ინოვაციური ინსტრუმენტების ფლობა მათ სძენს „მომავლის უნარებს“ (Future Skills), რაც დამსაქმებლებისთვის ძალიან მიმზიდველია. AI-ის ინტეგრირება დასაქმების პროცესში ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ვაკანსიების უფრო ჭკვიანური ფილტრაცია, გასაუბრებებისთვის სიმულაციური მომზადება და საკუთარი უნარების ბაზრის მოთხოვნებთან მორგება. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმების გაცნობა ახალგაზრდებს უხსნის გზას ფრილანსინგის, დისტანციური მუშაობისა და საერთაშორისო სტაჟირებებისკენ. აღნიშნული ტრენინგი ახალგაზრდებს აძლევს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა იყვნენ უფრო თავდაჯერებულები სამუშაოს ძიებისას, წარმოაჩინონ თავი თანამედროვე ციფრულ პროფესიონალებად და დაზოგონ რესურსები AI-ის გონივრული გამოყენებით. 

სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის”  თემატური ახალგაზრდული ბანაკების მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისა და პატრიოტული ღირებულებების შესახებ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები