წვდომის მენიუ

ივლისი 17, 2025 10:03

ComCom-მა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან საეთერო მაუწყებლობისა და მობილური სერვისების კოორდინაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ციფრული ტელევიზიის, VHF/FM-ის და ციფრული რადიო მაუწყებლობის, ასევე სახმელეთო მობილური სერვისების საკითხები განიხილებოდა. ამასთან, წარმოდგენილი იყო მაუწყებლობის სერვისების ერთობლივი რადიომონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და აზერბაიჯანის გადაცემებს შორის მავნე ინტერფერენცია არ გამოვლენილა. გარდა ამისა, მხარეები FM რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის სადგურებისთვის სიხშირეების განაწილებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ასევე დაეთმო მობილური ქსელის ერთობლივი ტესტირების შედეგების გაცვლასა და IMT სისტემების კოორდინაციის ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტის (TAD) დანერგვის საკითხების განხილვას. ამასთან ერთად, საუბარი შეეხო მობილური ქსელების ოპტიმიზაციას და TAD დოკუმენტის შესაბამისად სიხშირული არხების, ასევე, NCC, SC და PCI პარამეტრების გამოყენების უზრუნველყოფას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 5G ტექნოლოგიისთვის ველის დაძაბულობის და მანძილის პარამეტრებზე, ასევე, NR (5G) ტექნოლოგიებისთვის გამოყოფილ პრიორიტეტულ PCI იდენტიფიკატორებზე.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს 174-230 MHz დიაპაზონის ერთობლივი გამოყენების, ასევე T-DAB სერვისებისთვის ოპტიმიზაციის შესაძლებლობები და აღნიშნულ დიაპაზონში სიხშირული ბლოკების განაწილების გეგმის მომზადებაზე შეთანხმდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები