წვდომის მენიუ

ოქტომბერი 04, 2024 15:54

ComCom-მა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სატელეკომუნიკაციო სერვისების მონიტორინგი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (MDDT) თანამშრომლებთან ერთად, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და მობილური საკომუნიკაციო ქსელების ერთობლივ საზღვრისპირა მონიტორინგში მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით, მხარეებს შორის, ქალაქ განჯაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც სასაზღვრო ზონის რადიოსადგურებისა და მობილური ოპერატორების ქსელების ეფექტიანად მუშაობის საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაში კომისიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სანდრო ქარუმიძე მონაწილეობდა.

საზღვრისპირა ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, მავნე ინტერფერენცია არ დაფიქსირებულა და დადგინდა, რომ ტელე და რადიო გადაცემები ორივე ქვეყნის მხრიდან კოორდინაციის პირობების დაცვით მიმდინარეობს.

საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში კი, რომელსაც ასევე ქართული და აზერბაიჯანული მობილური ოპერატორების სპეციალისტები ესწრებოდნენ, ComCom-ის წარმომადგენლებსა და MDDT-ის თანამშრომლებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება საზღვრისპირა რაიონებში მოქმედი და პერსპექტიული FM რადიოსადგურების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, დაიგეგმა ერთობლივი სამუშაოები სასაზღვრო ზონაში მობილური ოპერატორების ქსელების უკეთესი თანაარსებობისათვის. დამატებით, შეხვედრაზე ქვეყნებში მე-5 თაობის (5G) ტექნოლოგიაზე გადასვლასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოები განიხილებოდა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები