ComCom-მა ბაჰრეინის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებს უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბაჰრეინის სამეფოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (TRA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ComCom-ს ბაჰრეინის ტელეკომუნიკაციების კონკურენციის ხელშეწყობის დირექტორი, ტექნოლოგიებისა და ქსელური უსაფრთხოების დირექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი ეწვივნენ. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, და TRA-ს ტელეკომუნიკაციების კონკურენციის ხელშეწყობის დირექტორმა, მოჰამედ იუსუფ ალბინალიმ გახსნეს.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, TRA-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბაჰრეინის მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობასა და სატელეკომუნიკაციო სექტორზე. კერძოდ, მიმოიხილეს ბაზრის ტენდენციები, არსებული გამოწვევები და რეგულირების პრაქტიკა. გარდა ამისა, TRA-ს წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებს გაუზიარეს თავიანთი მიდგომები ციფრულ სივრცეში თაღლითურ სქემებთან ბრძოლის შესახებ. თავის მხრივ, ComCom-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის, რეგულირების პრაქტიკისა და სტრატეგიული პროექტების, მათ შორის, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის, ასევე, IP პირინგისა და IXP-ის განვითარების კვლევის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განხილული საკითხები შეაჯამეს და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ComCom-სა და TRA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. კომუნიკაციების კომისიისთვის კოლეგა მარეგულირებლებთან, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.
