ComCom-მა ცაგერსა და ლენტეხში 350-მდე ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ აქტიურად აგრძელებს სემინარების ჩატარებას ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებს ორივე მუნიციპალიტეტიდან უკვე 350-მდე ადგილობრივი დაესწრო, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ლენტეხში პროგრამა სექტემბრის ბოლომდე, ხოლო ცაგერში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა წარმატებით დასრულდა ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურის, ონისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. დღეის მონაცემებით კი, ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში საქართველოს 162 სოფლიდან სულ 4500-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.