ComCom-მა ჩხოროწყუს 250 მოსახლე ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ კვლავ აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც ამ ეტაპისთვის ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში 250 ადგილობრივია გადამზადებული. შეხვედრები მიზნად მონაწილეების ციფრული კომპეტენციების ამაღლებას და ისეთი უნარების განვითარებას ისახავს, როგორიც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებითა თუ პროგრამებით მიზნობრივად სარგებლობა და სოციალური პლატფორმების ეფექტიანად გამოყენებაა.
ჩხოროწყუში პროგრამის სამიზნე სოფლებს ახუთი, ჯუმითი (ლეწურწუმეს თემი), ჯუმითი (ხაბუმის თემი), ხანწკი, კირცხი, ლეჯიქე, მონგირი, ოჩხომური, ქოყო და სარაქონი წარმოადგენს. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ პირებს კი, შეუძლიათ სრულიად უფასოდ გაიარონ სემინარი, გაიუმჯობესონ ციფრული შესაძლებლობები და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. რეგისტრაციისთვის აუცილებელია დაუკავშირდეთ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 557 707 274.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 6650 ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.