წვდომის მენიუ

იანვარი 17, 2025 11:56

ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მეორედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. ჰაკათონის კონკურსში პროექტები 130 მონაწილისგან შემდგარმა 40-მა გუნდმა გამოაგზავნა, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. მონაწილე გუნდებმა  2 დღის განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, საკუთარი პროექტების დახვეწაზე აქტიურ რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც, კომპეტენტურმა ჟიურიმ პრობლემის რელევანტურობის, გადაწყვეტის ეფექტურობისა და პროექტის მდგრადობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ 5000, 3000 და 1000 ლარი გადასცა. ჰაკათონის ძირითად თემებს დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიება მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ემსახურება.

ღონისძიების მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები „როგორ შევამოწმოთ იდეა?“ და „პროტოტიპის შექმნა და ტესტირება“, რომელთა ფარგლებშიც მიმოხილული იყო, თუ როგორ ხდება იდეის ვალიდაცია პროექტზე მუშაობის დაწყებამდე; რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის ღირებული გახდეს; ასევე, როგორ უნდა შეიქმნას პროდუქტის პროტოტიპი და მოხდეს მისი ტესტირება.

გარდა ტრენინგებისა, პროექტების დახვეწის მიზნით გუნდებთან პროფესიონალი მენტორები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. კერძოდ, მარკეტინგისა და იდეის წარდგენის შესახებ გუნდებთან შეხვედრები სტარტაპ მრჩეველმა და მენტორმა, თათია ოქრიაშვილმა ჩაატარა. UI/UX დიზაინის მიმართულებით, მონაწილეებს UI/UX დიზაინერი, რევაზ კაკაბაძე დაეხმარა. მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით, გუნდებს კონსულტაცია სტარტაპერმა დემეტრე მილდიანმა გაუწია. პროდუქტის განვითარების კუთხით, მონაწილეებთან სტარტაპერი სანდრო ბოლქვაძე მუშაობდა, ხოლო გუნდის მართვის შესახებ შეხვედრებს „ფაბლაბ ილიაუნის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ მღებრიშვილი უძღვებოდა.

პირველი ადგილი მოიპოვა პროექტმა “Web Boyzz”, რომელიც ბრაუზერის გაფართოებას წარმოადგენს და მიზნად ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. კერძოდ, პლატფორმა მშობლებს მიაწვდის ინფორმაციას ბავშვის ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებით, დაბლოკავს არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შინაარსს და თამაშის გზით ასწავლის მოზარდს, თუ რატომ შეიძლება იყოს ესა თუ ის ვებ-გვერდი ან ინტერნეტში განხორციელებული აქტივობა მათთვის საზიანო.

მეორე ადგილას გავიდა პროექტი „Emotisense”, რომლის მთავარ იდეასაც ონლაინ დეზინფორმაციის ამოცნობის გამარტივება წარმოადგენს. პროექტი მოიცავს ბრაუზერის გაფართოებას, რომელიც აანალიზებს შინაარსის ემოციურ ტონს და ჩატბოტის მეშვეობით ეხმარება მომხმარებელს ინფორმაციის შეფასებაში.

მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა „Severity AI”, რომელიც ამოიცნობს კოდის სისუსტეებსა თუ შეცდომებს და ამარტივებს გამოსწორების პროცესს.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები