მაისი 20, 2024 13:06

ComCom-მა EaPeReg-ის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

კომუნიკაციების კომისიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (EaPeReg SEWG) მე-17 შეხვედრას თბილისში უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), ასევე, ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატისა (DG CONNECT) და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების თვალსაზრისით აქტუალური გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას ისახავდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები მოიცავდა 5G ქსელის განვითარებისა და მისი ეფექტიანი მუშაობის საჭიროებებს, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა რადიო სპექტრის ქვეყანათაშორისო საკოორდინაციო შეთანხმების (RSA) გაფართოება, 5G სერვისებისთვის დამატებითი სიხშირული დიაპაზონების გამოყენება და მათი ეფექტი ქსელის გამტარუნარიანობაზე, დაფარვასა თუ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებაზე. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განიხილებოდა 5G ტექნოლოგიის დაშიფვრის, ავთენტიფიკაციის, ქსელის უსაფრთხოებისა თუ 5G ქსელების მდგრადობის უზრუნველყოფა ახალი კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ. მონაწილეებმა ასევე 5G ტექნოლოგიის კორპორაციულ ქსელებში გამოყენების და რეგულირების ასპექტები მიმოიხილეს.

სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (SEWG) იყო პირველი ექსპერტული ჯგუფი, რომელიც 2015 წელს EaPeReg-ის ფარგლებში, ComCom-ის, როგორც მისი იმდროინდელი თავმჯდომარის, ინიციატივით შეიქმნა. 2018 წლიდან ჯგუფის თავმჯდომარე კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი რომან ქურდაძეა, რომელთან ერთადაც, ჯგუფის თავმჯდომარეობას ლატვიისა და ლიეტუვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები ითავსებენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები