წვდომის მენიუ

თებერვალი 18, 2025 11:03

ComCom-მა ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „სელფი მობაილის“, მცირე და საშუალო ოპერატორებისა და MVNO ასოციაციის წარმომადგენლები და ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა კვლევის პროცესში დაინტერესებული მხარეების პირველივე ეტაპიდან ჩართულობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. კვლევის ამ ეტაპის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები, ასევე, შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, დადგინდეს გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები.

კომპლექსური კვლევის პირველი და მეორე ეტაპის მიზანია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი გახდეს კონკურენტული, ტელეკომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ხოლო მცირე ზომის ოპერატორები მეტად განვითარდნენ და შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები მობილურ და ფიქსირებულ ბაზრებზე. ამასთან, მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის და ალტერნატიული სერვისების მიღების შესაძლებლობა, რაც გაზრდის კონკურენციას და უზრუნველყოფს მომსახურებების მრავალფეროვნებასა თუ ხელმისაწვდომობას.

საგულისხმოა, რომ კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი ასევე მოიცავს იმ საბითუმო ბაზრების ანალიზს, რომლებიც კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში შეფასდა როგორც პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზრები. ესენია: საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარი და IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარი (მათ შორის გლობალურ ინტერნეტ რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზარი). კვლევის შედეგად დადგინდება არსებობს თუ არა აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ქმედითი და პროპორციული მარეგულირებელი ჩარჩო განისაზღვრება.

გარდა ამისა, კომისიის წარმომადგენლებმა და კვლევის ექსპერტთა ჯგუფმა „მაგთიკომის“ წარმომადგენლებთან გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში ComCom-ის მიერ შემუშავებული სატარიფო ვალდებულებების მონიტორინგს ემსახურებოდა, კერძოდ კი, მარჟის შეკუმშვის ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხს. აღნიშნული მეთოდოლოგია მიზნად „მაგთიკომის“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე დაშვების მსურველებისთვის სამართლიანი დაშვების პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. შეხვედრის ფარგლებში კომპანიას მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებით მათი ჩართულობის მიზნობრიობა და საჭიროება დეტალურად განემარტა.

კომპლექსური კვლევის ექსპერტთა გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომელთაც სატელეკომუნიკაციო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, დომაგო იურიევიჩს ტელეკომ სფეროს რეგულირებისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 14 წელი  წამყვან პოზიციებს იკავებდა ხორვატიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ ორგანოში (HAKOM), ხოლო ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით, ჩატარებული აქვს 18 ბაზრის ანალიზი. მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის შემუშავებასა და დანერგვის პროცესში. ასევე, იგი იყო ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) მმართველი საბჭოს წევრი და ვიცე-თავმჯდომარე. რაც შეეხება კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდს, მას ევროკომისიაში კონკურენციის გენერალურ დირექტორატში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის იკავებდა სექტორის უფროსის და მთავარი ექსპერტის პოზიციებს, ჩართული იყო ახალი დირექტივების დანერგვასა და წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადებაში. ასევე გახლდათ Cullen International-ის მთავარი ექსპერტი. აქვს ტელეკომ სექტორში აკადემიური და პრაქტიკული მრავალწლიანი გამოცდილება კვლევის, ანალიტიკისა და ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით. კვლევაში მონაწილე კიდევ ერთ ექსპერტს - სტანკო ტასკოვს, საკომუნიკაციო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 30 წლიანი გამოცდილება აქვს. არის სლოვენიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (AKOS) ტექნიკური ექსპერტი და IT სამსახურის უფროსი. ამასთან, გახლავთ BEREC-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრი და TAIEX-ის ექსპერტი. ხოლო პიტერ ლანდი უკვე 30 წელზე მეტია, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორში მოღვაწეობს. იგი 40 ქვეყანაში 25-ზე მეტ პროექტს ხელმძღვანელობდა ციფრული კონკურენტული ბაზრების, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის პოლიტიკის, ასევე სამართლებრივი, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი რეფორმების მიმართულებებით. მრავალი წელი მუშაობდა ევროკომისიაში ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტის პოზიციებზე, იყო სხვადასხვა ქვეყანაში EBRD-ის გუნდის ლიდერი და მომზადებული აქვს არაერთი კომპლექსური კვლევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იგი ასევე ექსპერტად მუშაობდა Cullen International-ში, სადაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შეფასების პროექტს ახორციელებდა. მარჟის შეკუმშვის მეთოდოლოგიასა და მოდელის შემუშავებას, ზემოთ აღნიშნულ ექსპერტების გუნდთან ერთად, გაუძღვება ექსპერტი ნიკოლა ოგნენოვსკი, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავებისა და მართვის, ევროკავშირის დირექტივების აღსრულებისა და სატარიფო მოდელების შემუშავების მიმართულებით. წლების განმავლობაში მუშაობდა Deutsche Telekom-ის ჯგუფში შემავალ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორში მარეგულირებელი ვალდებულებების აღსრულების უზრუნველყოფის კუთხით. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას,  მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. საგულისხმოა, რომ კვლევა ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. ამ მასშტაბის პროექტი კი ქართულ ტელეკომ ბაზარზე მანამდე არ განხორციელებულა.

კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური კომუნიკაციების ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას, ხოლო ორივე ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი იყო, რის გამოც ComCom-მა მას სხვა კომპანიების ქსელზე დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა. 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები