ComCom-მა „ფორმულას“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის კანონდარღვევით მინიჭებისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ComCom-ში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შემოვიდა „ფორმულას“ წერილი პოლიტიკური გაერთიანების - „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი, ან არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რომ კვლევა ჩატარებულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად. წერილში ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოგზავნილი ჰქონდა კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული 5 კვლევის შედეგი, რომლითაც პოლიტიკურ გაერთიანებას „გახარია საქართველოსთვის“ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.
მაუწყებელს კომისიისთვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მან შეისწავლა ან გადაამოწმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დარწმუნდა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა საარჩევნო სუბიექტს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კანონდარღვევით მიანიჭა, რითიც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ComCom-მა მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.